„სანტას არდადეგები“ და კინო თბილისში: რა ვნახოთ 28-31 დეკემბერს

© Sputnik / Alexander Imedashviliერთ-ერთი თბილისის კინოთეატრის სალაროები
ერთ-ერთი თბილისის კინოთეატრის სალაროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უამრავი სასაცილო საშობაო და საახალწლო კინო – „Sputnik–საქართველო“ გილოცავთ დამდეგ 2018 წელს და გთავაზობთ ცხელ-ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების ტრადიციულ მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ

28 დეკემბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები იმართება:

„სანტას არდადეგები“ (Santa & Cie) — რეჟისორ ალენ შაბას ფრანგულ-ბელგიური საახალწლო კომედია. მთავარ როლებში: თავად ალენ შაბა, ოდრი ტატუ, გოლშიფტე ფარაჰანი, პიო მარმაი. დეკემბერის შუა რიცხვებში სანტა-კლაუსი და მისი დამხმარე ელფები შობისთვის ემზადებიან. მოულოდნელად 92 ათას ელფს მძიმე სენი შეეყრება. სანტა და მისი ცოლი პარიზში С ვიტამინის საყიდლად გაემგზავრებიან, რათა ელფები მოარჩინონ და სამუშაო დროულად დაასრულონ. მაგრამ ერთი პრობლემაა — არავინ აღიარებს, რომ ის მსოფლიოში მთავარი ჯადოქარია.

„სამი გია“ (Coexister) — რეჟისორ ფაბრის ებუეს ფრანგული კომედია. მთავარ როლებში: რამზი ბედია, ფაბრის ებუე, გიომ დე ტონკედეკი, ოდრი ლამი, ჯონატან კოენი. ერთ-ერთ მუსიკალურ პროდიუსერს დიდი პრობლემები აქვს — მან შეიძლება პრესტიჟული სამსახური დაკარგოს, თუ უახლოეს დროს ვერ იპოვის ახალ შემსრულებელს, რომელიც ოლიმპიის დარბაზს გაავსებს. მალე მას გენიალური იდეა ებადება. მან ერთ ბოიზ-ბენდში შეკრიბა კათოლიკე მღვდელი, რაბინი და იმამი. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდება, სასულიერო მოძღვრები არც ისე რელიგიური ადამიანები ყოფილან. შეძლებენ ისინი ერთმანეთში ყველა დაბრკოლების გადალახვას და ნამდვილი ჰიტის ჩაწერას?

საინტერესო ფაქტი: ამ ფილმის იდეა ფაბრის ებუეს მაშინ მოუვიდა, როდესაც მან YouTube-ზე ნახა მომღერალი მღვდლების ვიდეო, რომლებიც შემდეგში პოპულარულებიც გახდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა მომღერლის კარიერის გამო ღვთისმსახურებაც კი მიატოვა.

„ცელქი ბავშვები: ოპერაცია მეცხრე ცა“ — რეჟისორ ზურა მენთეშაშვილის ქართული სათავგადასავლო კომედია. სურათი „ცელქი ბავშვების“ და „ცელქი ბავშვები 2“-ის გაგრძელებაა. ამჯერად სამყაროს გადასარჩენად ბავშვებს მოუწევთ შესრულება ურთულესი მისიის — ოპერაციის „მეცხრე ცა“. ისინი დაუპირისპირდებიან დედოფალ კლარას და მის დამხმარე ბონდოს. მთავარ როლებში — ნიკა გრიგოლია, რუსკა მაყაშვილი, ჯაბა კილაძე.

საინტერესო ფაქტები: ფილმის საუნდტრეკი გრიგოლ ყიფშიძემ შეასრულა, რომელმაც „საბავშვო ევროვიზიაზე“ საქართველო წარმოადგინა და მეორე ადგილი დაიკავა.

გასულ კვირაში თბილისის ეკრანებზე გამოვიდა ამერიკული სათავგადასავლო ფანტასტიკური ფილმი „ჯუმანჯი: აურზაური ჯუნგლებში“ (Jumanji: Welcome to the Jungle)  და ამერიკული სრულმეტრაჟიანი კომედიური კომპიუტერული ანიმაციური ფილმი „ფერდინანდი“ (Ferdinand).

უკვე თბილისის კინოთეატრებშია — „ვარსკვლავური ომების“ ლეგენდარული სერიის სიკველი „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“ (Star Wars: The Last Jedi), ამერიკულ-კანადური საშინელებათა ფილმი „შუაღამის წყევლა“ (The Midnight Man), ქართველი რეჟისორის გელა ბაბლუანის „ფული“(Money is money).

უქმეებზე ისევ შეგიძლიათ ნახოთ ამერიკული სათავგადასავლო კომედია „ცუდი დედიკოები 2 ახალი წელი“, ამერიკული ტრილერი „სიკვდილის დღეს გილოცავ“, ამერიკული და ტაილანდური დრამა „მხოლოდ შენ გხედავ“, მელოდრამა „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“, ამერიკული კომედია „მამიკო სახლშია 2“ (Daddy's Home 2) და გიორგი ოვაშვილის ბოლო ფილმი „ხიბულა“.

მულტფილმები ბავშვებისთვის:  კომპიუტერული ანიმაციური მუსიკალური ფილმი „კოკო“ (Coco).

 

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0