თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. სომხეთის სახელმწიფოს მეთაური სერჟ სარქისიანი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, იუწყება „Sputnik-სომხეთი" ქვეყნის პრეზიდენტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ვიზიტის ფარგლებში, 25-26 დეკემბერს, სარქისიანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან — პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.
„შეხვედრებზე განიხილავენ ორი მეგობარი სახელმწიფოს თანამშრომლობის დღის წესრიგის საკვანძო საკითხებს", — ნათქვამია განცხადებაში.
სარქისიანი ეწვევა სამეცნიერო-კულტურულ ცენტრს „ოვანეს თუმანიანის სახლი" და სურბ გევორქის (წმინდა გიორგის) ეკლესიას, სადაც სომხური თემის წარმომადგენლებს შეხვდება.
სომხეთის პრეზიდენტი ასევე თბილისში, გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.