თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. გერმანული პრესა, კერძოდ, ავტორიტეტული გამოცემა Bild-ი აქტიურად განიხილავს „ევროვიზიის" ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსზე ქართველი ნათია თოდუას გერმანიის სახელით ასპარეზობას.
21 წლის ქართველი მომღერალი ნათია თოდუა გერმანული The Voice of Germany-ის მეშვიდე სეზონის გამარჯვებულია. ის 26 ათასი კანდიდატიდან კონკურსის ფინალში გადავიდა, სადაც მან ხმების უმეტესობა მოიპოვა და სამი კონკურენტი უკან ჩამოიტოვა. ნათიას ხმა მაყურებლის 50,1%-მა მისცა. ნათიას გამარჯვება საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც მიულოცეს.
როგორც Bild-ი წერს, თოდუას „ევროვიზიაზე" გერმანიის სახელით გამოსვლის იდეის განხილვა მედიაში იმ დროიდან დაიწყო, რაც ქართველმა კონკურსანტმა გაიმარჯვა. როგორც აღინიშნება, თუ ასე მოხდა, მაშინ ნათია პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ბევრ ხმას მიიღებს.
ის, რომ ნათია „ევროვიზიისთვის" საუკეთესო კანდიდატია, აცხადებენ გერმანელი მუსიკოსებიც.
„ნათია „ევროვიზიის" კონკურსისთვის აბსოლუტურად მზადაა და ღირსია გერმანია წარადგინოს", — აცხადებს ცნობილი გერმანელი მომღერალი და მუსიკოსი იურგენ დრიუსი.
როგორც Bild-ი წერს, ნათია სიამოვნებით დათანხმდებოდა აღნიშნულ შეთავაზებას და როგორც თავად აღიარა, ამ ფორმით შეძლებდა იმ ქვეყნებისთვის მადლობის თქმას, რომლებმაც მას პროექტში მხარი დაუჭირეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ახალ წლამდე ნათია The Voice of Germany-ის საკონცერტო ტურნეში კონკურსის სხვა მონაწილეებთან ერთად მიემგზავრება. 2018 წლის თებერვალში კი გოგონა საკუთარი სიმღერების ჩაწერას გეგმავს.
ნათია თოდუა 1996 წლის 12 მარტს აფხაზეთში, გალის რაიონში დაიბადა, გაიზარდა სოფელ ნაბაკევში, სადაც დაამთავრა სკოლა. თბილისში ნათია გლდანში იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. სწავლობდა თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირების სპეციალობით.
ამ დროისთვის ნათია ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში.
მსგავს ტელეპროექტებში მონაწილეობა ნათიასთვის პირველი არ იყო.
2014 წელს გოგონამ მონაწილეობა მიიღო ქართულ X-Factor-ში, ხოლო 2015 წელს კი უკრაინულში. ორივე პროექტში ნათია გამორჩეული იყო.
მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში ნათია თოდუას კუმირი ამერიკელი როკ-მომღერალი ჯენის ჯოპლინია.