თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ივენთ ჰოლი ქარვასლაში" კამპანიის „მოითხოვე ქართული" შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო, ნათქვამია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის Facebook-გვერდზე.
კამპანია „მოითხოვე ქართული“, რომლის ინიციატორიც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია, ქართული პროდუქციის გაყიდვების ზრდის წახალისებსა და ეროვნული პროდუქციის პოპულარიზაციას ემსახურება.
კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და ქართული პროდუქციის ერთგული მომხმარებლის დაჯილდოების ცერემონია.
კამპანიის ფარგლებში გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომელთა შორის იყო ჟურნალისტი და ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.
ცერემონიაზე გამოვლინდნენ დაგროვებითი ბარათის "მოითხოვე ქართულის" ფარგლებში წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ქულების „ქართულების" მფლობელები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა და ქართველ მეწარმეთა მიერ დაწესებული პრიზები და სერტიფიკატები გადასცა.
„მოითხოვე ქართული" კამპანიის ფარგლებში მეწარმეებიც დაუკავშირდნენ ერთმანეთს და მათ ერთმანეთი სწორედ ამ პროცესის ფარგლებში იპოვნეს, შექმნეს ბიზნესკავშირები და კიდევ უფრო მეტად აძლიერებენ თავის ბიზნესს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართველ მეწარმეებს, რომლებიც ქმნიან ქართულ დოვლათს, საზოგადოებას საახალწლოდ ქართული პროდუქციის შეძენისაკენ მოუწოდა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
„ამით აძლიერებთ ქართულ წარმოებას, აძლიერებთ ჩვენს ქვეყანას და თქვენი წვლილი შეგაქვთ ადამიანების დასაქმებაში თქვენი ახლობლების, თქვენი მეგობრების ეკონომიკურ ყოფაში. ამ ყოფითი პატრიოტიზმით თქვენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ ქართული ქვეყნის სიძლიერისთვის", — განაცხადა მარგველაშვილმა.
გამოფენა-გაყიდვას დაესწრნენ სამთავრობო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.