დავით ქირიამ 2017 წლის 25 ნოემბერს პარიზში გამართულ ფრანგული კიკბოქსინგის (სავატე) მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში დაამარცხა ცნობილი უკრაინელი მებრძოლი სერგეი კალიუბა, ქართველმა სპორტსმენმა ფინალში დიდი უპირატესობით დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი — ფრანგი ლუდოვიკ ნასიბოუ და ფრანგულ კიკბოქსინგში მეორედ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ქამარს.
მას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იცნობენ და გულშემატკივრობენ —„მსოფლიოს ნებისმიერ წერტილზე, სადაც კი ტურნირები ტარდება, ყველგან დავდივარ, ამერიკა, ევროპა, აზია, ჩინეთი, ბოლო ორი წელია ჩინეთში დავდივარ ტურნირებზე, რადგან იქ იმართება ყველაზე დიდი ტურნირი Kunlun Fight, ჯერჯერობით ვერ მივაღწიე იმას, რომ გავმხდარიყავი მსოფლიოს ჩემპიონი, თუმცა შევეცდები ყველანაირად რომ Kunlun — ის ქამარიც ჩამოვიტანო საქართველოში. Kunlun Fight-ი არის ჩინელების მიერ დაარსებული კიკბოქსინგის გიგანტი ორგანიზაცია, რომელიც უმაღლესი დონის ტურნირებს მართავს, Kunlun Fight-ი 2015 წელს დასახელდა წლის ორგანიზაციად“, — აღნიშნა „Sputnik საქართველოსთან’’ საუბრისას დავით ქირიამ.
განსაკუთრებით დასმახსოვრებელი მისთვის 2007 წელი იყო — „პირველი ბრძოლა საზღვარგარეთ გავმართე — ამსტერდამში, იმ დროისთვის წარმატებული ტაილანდელი სპორტსმენის წინააღმდეგ ვიასპარეზე, რომელსაც მოვუგე და ფაქტიურად აქიდან დაიწყო ჩემი წარმატებები, ამიტომაც არის ეს ბრძოლა ჩემთვის დასამახსოვრებელი. ეს სპორტის სამყაროში დიდი მოვლენაა და ვამაყობ ამ მიღწევით. ეს არის ბრძოლა, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება “ — იხსენებს პირველ წამატებებს სპორტსმენი.
ზუგდიდელი დავით ქირია სპორტს ბავშობიდან მისდევს. მას 8 წლიდან ბაჩუკი ფარცვანია წვრთნის — „მინდოდა ვყოფილიყავი რაღაცით დაკავებული და გადავწყვიტე დამეწყო სპორტული ცხოვრება, დღემდე ჩემი მწვრთნელია ბაჩუკი ფარცვანია, საქართველოში როცა ჩავდივარ ვვარჯშობ მასთან, ყველა წარმატებას თუ წარუმატებლობას ვუზუარებთ ერთმანეთს, საქართველოშიც ვიღებდი მონაწილეობას შეჯიბრებებში და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ჩემს ქვეყანაში’’ — გვიყვება ქირია.
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიკ-ბოქსიორი 10 წელია ჰოლანდიაში ცხოვრობს. ჩემპიონი წელიწადში 8 თვეს სწორედ ამ ქვეყანაში ატარებს, კვირაში ექვს დღეს 4-5 საათს ვარჯიშს უთმობს. თვლის, რომ შეუძლებელია არაფერია და წარმატების მისაღწევად საჭიროა მონდომება, შრომა და ნებისყოფა — „ტურნირებისთვის მომზადება არის ძალიან რთული და გრძელი ეტაპი, მოითხოვს ძალიან ბევრ ფიზიკურ დატვირთვას, ასევე გონებრივსაც, მე ვარ პროფესიონალი სპორტსმენი და ამ ყველაფრისთვის მზად ვარ, ჩემი ფიზიკური შესაძლებლობებიც ხელს მიწყობს, მთავარია იყოს სურვილი, მონდომება და დასახულ მიზანსაც მიაღწევ’’ — ყვება კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონი.
მომავალი მეუღლე მარისა ფან დამი სწორედ ჰოლანდიაში გაიცნო. ის იმ სპორტდარბაზის ადმინისტრატორია, სადაც სპორტსმენი ვარჯიშობს. „მარისა არის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში, ჩემი კარიერის ყველაზე წარმატებულ პერიოდში მარისა ყოველთვის გვერდში მედგა, ყველაფერს ერთად მივაღწიეთ ჩვენს გუნდთან ერთად, მე მინდა ამ ყველაფრისთვის მას მადლობა გადავუხადო, ის არის საუკეთესო მეუღლე და მოსიყვარულე გოგო, როცა ვარ მე ჩემს მეუღლესთან მარისასთან, ის დღე არის იდეალური და ხალისიანი“- გვითხრა ქართველმა სპორტსმენმა.
კიკბოქსიორი ამბობს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანადგომა და გამხნევება — „ჩვენს შეჯიბრებებზე ათასობით მაყურებელი მოდის, ჩემს გულშემატკივრებს თითოეული ტაშისთვის, გამხნევებისთვის, კომენტარისთვის სოციალურ ქსელებში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, როდესაც ვკითხულობ კომენტარებს სოციალურ ქსელებში და მესიჯებს, ეს მოტივაციას მაძლევს და კიდევ უფრო დიდი სურვილი მაქვს, წარმატებები განმეორდეს’’ — თქვა მსოფლიო ჩემპიონმა.
დავით ქირია რინგზე ხშირად ჩოხითაც გამოდის —„მაქსიმალურად ვცდილობ, ქართული კულტურა გავაცნო უცხოელებს, დარბაზში მყოფთაგან 99 პროცენტი ხვდება, რომ ეს არის ქართული ჩაცმულობა, რომელიც ჩემს ქვეყანას უკავშირდება’’ — გვითხრა მან.
GLORY- ის სერიის მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში დავით ქირია მალე მამა გახდება, ამჟამად მეუღლესთან ერთად საქართველოში იმყოფება — „მამა გავხდები, ველოდებით გოგონას, დაახლოებით 3 —4 თვე არ ვაპირებ ტურნირებზე გასვლას. სამომავლოდ ვგეგმავ სხვადასხვა შეჯიბრებებში მივიღო მონაწილეობა და მივაღწიო წარმატებას, ეს არის ჩემი პირადი ინტერესი, ასევე ეს არის პასუხისმგებლობა გუნდის, მწვრთნელის, ქყვეყნის, ოჯახის წინაშე, მაქსიმალურად შევეცდები ეს პასუხისმგებლობა და იმედები გავამართლო და ჩემი ქვეყანა წარმოვაჩინო ღირსეულად“, — აღნიშნა ქართველმა სპორტსმენმა.
დავით ქირია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიკბოქსიორი, 2018 წლის გაზაფხულიდან ისევ ჩაერთვება სხვადასხვა შეჯიბრებეში და საერთაშორისო ორგანიზაციის „Kunlun Fight'' — ის მორიგ ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.
თინათინ ბუკია