თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. დასრულდა რემონტი ქვესადგურ „ბათუმი 220“-ზე და ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის პირველი ეტაპი, რომელიც აჭარას ელექტროენერგიით უზრუნველყოფაში დაეხმარება, განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.
ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი 2015 წლის ივლისში დაიწყო და ითვალისწინებს „ახალციხე 220“ და „ბათუმი 220“ ქვესადგურებს შორის მძლავრი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას და „შუახევი ჰესის“ და „კორომხეთი ჰესის“ ერთიან ელექტროსისტემაში მიერთებას. პროექტი ასევე ორივე ქვესადგურის რემონტს გულისხმობს. პროექტის ღირებულება 31,65 მილიონი დოლარია.
ქვესადგურის რემონტის ფარგლებში აშშ-ის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ქვესადგური აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც ელექტროენერგიის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. სამუშაოებს შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.
„ეს ქვესადგური ელექტროენერგიით სრულად ამარაგებს ჩვენს ავტონომიურ რესპუბლიკას, სწორედ ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რომელიც აქ განხორციელდა. განახლებული ქვესადგური სრულად დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ჩვენი რეგიონის მოსახლეობას აქვს და ენერგო მიწოდებაშიც ხარვეზების რაოდენობა მინიმუმამდე დავა“, — განაცხადა პატარაძემ.
რაც შეეხება ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ დასრულებას, ამ პერიოდში ქვესადგური „ბათუმი 220“ 52-კილომეტრიანი ელეტქროგადამცემი ხაზით „შუახევი ჰესს“ დაუკავშირდა. პირველი ეტაპის ფარგლებში ყველა ხარვეზი გამოსწორდა.
„ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი, ახალი ელექტროგადამცემი ხაზი უზრუნველყოფს რეგიონში ელექტროენერგიის სტაბილურ მიწოდებას და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შეეძლება ქვეყნის შიგნით და გარეთ ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება.“ — განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.
მეორე ეტაპის განხორციელების დასრულება 2018 წლის თებერვალში იგეგმება. ამ ეტაპზე ელექტროგადამცემი ხაზი „შუახევი ჰესიდან“ „ახალციხე 220“-ის ქვესადგურებამდე 90 კილომეტრზე გაიყვანენ.