მეცნიერებმა ინტელექტის ამაღლებისთვის აუცილებელი პროდუქტი დაასახელეს

© photo: Sputnik / Dmitriy Donskoy / გადასვლა მედიაბანკშიშემწვარი თევზი
შემწვარი თევზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერებმა განმარტეს, რომ ადრინდელმა კვლევებმა დაადასტურა ამ პროდუქტის გავლენა გონებრივ მუშაობაზე, თუმცა მაშინ მისი კავშირი ინტელექტის ამაღლებასა და ძილის გაუმჯობესებასთან ნაკლებად იყო შესწავლილი

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. პენსილვანიის უნივერსიტეტის სწავლულებმა დაამტკიცეს, რომ თევზის მიღება ხელს უწყობს ინტელექტის ზრდას და ასევე აუმჯობესებს ძილს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости პორტალ Eurekalert-ზე დაყრდნობით.

მეცნიერებმა, რომლებმაც აღნიშნული კვლევები ბავშვებს შორის ჩაატარეს, განმარტეს, რომ ადრინდელმა კვლევებმა დაადასტურა ცხიმმჟავა ომეგა 3-ის (რომელსაც თევზი შეიცავს) გავლენა გონებრივ მუშაობაზე, თუმცა მაშინ მისი კავშირი ინტელექტის ამაღლებასა და ძილის გაუმჯობესებასთან ნაკლებად იყო შესწავლილი.

კვლევაში 9-დან 11 წლამდე ასაკის 541 ჩინელი ბავშვი იყო ჩართული, რომელთაგან 54% ბიჭუნები იყვნენ, ხოლო 46% — გოგონები. მეცნიერებმა ჯერ დაადგინეს, რა სიხშირით იღებდნენ ბავშვები თევზეულს, შემდეგ კი ინტელექტის დონის შესამოწმებლად ტესტები ჩაუტარეს. ამასთან, კითხვარები შეავსეს ბავშვების მშობლებმაც, რომლებმაც შვილების ძილის ხარისხის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც თევზეულს კვირაში ორჯერ მაინც მიირთმევდნენ, კარგად ეძინათ, ხოლო IQ ტესტებში საშუალოდ 4,8 პუნქტით მეტი აიღეს, ვიდრე იმ ბავშვებმა, რომლებიც თევზეულს იშვიათად ან საერთოდ არ ჭამდნენ.

მეცნიერების აზრით, ბავშვები ორი წლის ასაკიდან შეძლებისდაგვარად ხშირად უნდა იკვებებოდნენ თევზეულით. ხოლო ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი ჯენიფერ პინტო-მარტინი მშობლებს აფრთხილებს:

„ბავშვები კარგად გრძნობენ სუნებს და თუ თევზს პატარაობიდან არ მიაჩვევთ, მერე შესაძლოა საერთოდ უარი თქვან ამ პროდუქტზე“.

ყველა ახალი ამბავი
0