თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ჰანს კრისტიან ანდერსენის ნაწარმოების მიხედვით ერთმოქმედებიანი მუსიკალური ზღაპრის საახალწლო პრემიერა „ფრთები ნამცეცასთვის“ გრიბოედოვის თეატრში 27 და 28 დეკემბერს შედგება.
როგორც თეატრში აღნიშნავენ, ლევონ უზუნიანის ვერსიაში მაყურებელი ნახავს ამაღელვებელ და ლამაზ ისტორიას პატარა გოგონაზე, სახელად ნამცეცა, რომელიც შეუყვარდა ელფების ქვეყნის პრინცს და მას ჯადოსნურ ფრთებს დაჰპირდა.
„ნამცეცას ელის სხვადასხვა თავგადასავალი და მოგზაურობა. საბოლოოდ, შედგება ნანატრი შეხვედრა პრინცთან. და ჯადოსნურ ფრთებზე ნამცეცა თავის შეყვარებულთან ერთად გაფრინდებიან ელფების მშვენიერ ქვეყანაში. სურვილის ძალას და სასწაულის რწმენას ხომ ყველაზე გამბედავი ოცნებების ახდენა შეუძლია!“, — ნათქვამია თეატრის განცხადებაში.
ნამცეცას როლს ასრულებს მარიამ კიტია, ელფების პრინცის — ლაშა გურგენიძე, თხუნელა — მიხეილ არჯევანიძე.
სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ მსახიობები: ნინა ნინიძე,ნანა დარჩიაშვილი, მერაბ ქუსიკაშვილი, სოფიო ლომჯარია, ნინა კალატოზიშვილი, მედეა მუმლაძე და ანა ნიკოლავა.
სპექტაკლზე „ფრთები ნამცეცასთვის“ მუშაობდნენ კომპოზიტორები დავით და ლექსო ტურიაშვილები, მხატვარი — შოთა ბაგალიშვილი, ქორეოგრაფი — დავით მეტრეველი. ლიბრეტოს ავტორები — ლევონ უზუნიანი, ნინა შადური-ზარდალიშვილი.
სპექტაკლის საპრემერო ჩვენებები ასევე გაიმართება 2018 წლის 5,6, 13 და 14 იანვარს. წარმოდგენის ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში და ონლაინ — www.biletebi.ge.