რეპორტაჟი თეირანისა და იალტის კონფერენციების კულუარებიდან

© photo: Sputnik / STRINGERუინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ რუზველტი და იოსებ სტალინი
უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ რუზველტი და იოსებ სტალინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კაცობრიობის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე დიდი ტრაგედია მეორე მსოფლიო ომი იყო თავისი მასშტაბებით. რამდენიმე ათეული მილიონი დაღუპული, ორჯერ მეტი დასახიჩრებული, კიდევ მეტი უსასოოდ დარჩენილი, გადამწვარ-გადაბუგული სრულიად ევროპა, რომელმაც აბსოლუტურად სხვა სახე მიიღო ამ ომის დასრულების შემდეგ.

თუმცა, მანამდე იყო დიდი კულუარული ბრძოლა, რომელშიც სამი ზესახელმწიფოს ლიდერები ცდილობდნენ საკუთარი ქვეყნისთვის რაც შეიძლება მსუყე ლუკმა „გამოეგლიჯათ“ და ამისთვის არაფერზე უკან არ იხევდნენ. დღეს, ერთერთი მათგანის (სტალინის) დაბადების თარიღთან დაკავშირებით, მინდა მოგაწოდოთ საინტერესო ინფორმაციები იალტისა და თეირანის კონფერენციებიდან, სადაც პრაქტიკულად გადაწყდა კიდეც ევროპის მომავალი.

1943 წლის ნოემბერში თეირანის კონფერენციაზე საბჭოთა მხარეს სტალინი, ბერია და მისი ქართველი თანამშრომლები წარმოადგენდნენ. აქვე იყო კიდევ ერთი ქართველი, ოღონდ  ჩერჩილის თანაშემწის როლში — ეს გახლდათ დიდი ბრიტანეთის არმიის კაპიტანი ნიკოლოზ კეი, იგივე მერაბ კვიტაშვილი. ომის შემდეგ გამოქვეყნებულ მემუარებში კვიტაშვილი აღწერს თეირანის კონფერენციას, როგორ გადაულაპარაკებდნენ ქართულად ერთმანეთს სტალინი და ბერია, ან როგორ საუბრობდნენ ქართველი პირადი მცველები. ბერიას ინგლისელი ოფიცრის ფორმისა და ლონდონური გამოთქმის მიუხედავად, როგორც ჩანს, ეჭვი გაუჩნდა და მეთვალყურეები მიუჩინა. ერთ დღეს კი მიადგა და პირდაპირ ჰკითხა ვინაობა. მერაბმა წინასწარ დამუშავებული ლეგენდა უამბო, რომ მამა ინგლისელი ჰყავდა, დედა კი ქართველი, რაჭიდან. დედის გვარი უთხრა, მიქელაძე. ბერია დაეჭვდა, რაჭაში მიქელაძეები არ არიანო. მეორე დღეს ბერიამ უკვე იცოდა, ვინ იყო და რა წარმომავლობის მერაბ კვიტაშვილი. ისიც კი უთხრა, რომ მარიამ ორახელაშვილი-მიქელაძე მისი ნათესავი იყო. ორჯერ მოუწყო თავდასხმა და სიკვდილს ორჯერვე ძლივს გადაურჩა. მისი თანამგზავრებიდან ერთი დაიღუპა, მეორე დაიჭრა. იძულებული გახდა, ყველაფერი ჩერჩილისათვის მოეხსენებინა. ჩერჩილმა სტალინს კატეგორიულად მოსთხოვა, შეეწყვიტათ მისი თანაშემწის დევნა. ბერიამ მხოლოდ ამის შემდეგ დაანება თავი…

აქვე მოთხრობილია, როგორ აღნიშნეს ჩერჩილის დაბადების დღე: — „ბანკეტზე დაახლოებით ოცდაათამდე სტუმარი იქნებოდა: მთავრობის პირები, მარშლები, გენერლები, ადმირალები, ელჩები — დასავლეთისა და საბჭოეთის თითქმის ყველა გამოჩენილი ლიდერი… მათ შორის ერთი ქართველი — სტალინი-ჯუღაშვილი. ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, რომ ის იქ ცენტრალური ფიგურა იყო… გარდა ამისა, უაღრესად საინტერესო, ჭეშმარიტად განსაცვიფრებელი იყო ის ფაქტი, რომ მთელ ამ ელიტას იცავდა სამი ქართველი: გენერლები წერეთელი და ნაჭყებია საბჭოთა მხრიდან და მე, კაპიტანი (როგორც მაშინ ვიყავი) მერაბ კვიტაშვილი დასავლეთის მოკავშირეთა მხრიდან. წინა ოთახში მხოლოდ ორი კაცი ვიყავით, ორივე ქართველი — წერეთელი და მე, რომლებსაც დროდადრო მესამე ქართველი ნაჭყებია შემოგვიერთდებოდა ხოლმე… მთელ იმ საათების განმავლობაში, რაც სადილი გრძელდებოდა, წერეთელს, ნაჭყებიასა და მე ხელთ გვეპყრო მსოფლიოს ბედი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საელჩოში შესვლის და გამოსვლის დროს მე არასოდეს არ მჩხრეკდნენ და არ გამიჭირდებოდა შემეტანა და ამეფეთქებინა რამე ძლიერი ყუმბარა, რომელიც თუ ყველას არა, დამსწრეთა უმრავლესობას მაინც ამოხოცავდა. იმ ორ ქართველს, წერეთელსა და ნაჭყებიასაც შეეძლოთ იგივე გაეკეთებინათ. ეს რომ მომხდარიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა მიმართულება მიეცემოდა იმ ომსა და მსოფლიოს მომავალსაც"…

1945 წლის თებერვალში უკვე იალტის კონფერენციაზე ცოტა სხვაგვარი ვითარება სუფევდა. ომის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო და სტალინის პოზიციაც უფრო მტკიცე. ალბათ ამიტომ არ გასჭირვებია ბევრი საკითხის სათავისოდ გადაწყვეტაც, თუმცა ახლა ერთი ისტორია უნდა გიამბოთ, რომლის ნამდვილობა ცოტა საეჭვოდ მეჩვენება, მაგრამ ახალი წლის წინა დღეებში ცოტას გაგახალისებთ. მოკლედ,  იალტა, ლივადიის სასახლის ეზო. ფრანკლინ რუზველტი და უინსტონ ჩერჩილი საუბრობენ, მაგიდაზე ხილი და სასმელია. მათ უერთდება იოსებ სტალინიც. ჩერჩილი: „ყირიმში ნამდვილად კარგი ჰაერია. მე ბავშვივით მეძინა. ბოლო თვეების მანძილზე პირველად ვნახე სასწაულებრივი სიზმარი…წარმოიდგინეთ, მესიზმრა, რომ მსოფლიოს მბრძანებელი გავხდი… ჩემთვის, პრემიერ-მინისტრისათვის, ეს ცუდი არ იქნება“

რუზველტი (იცინის): „წარმოუდგენელია, როგორი დამთხვევაა… უნდა ვაღიარო, რომ რაღაც მსგავსი მეც დამესიზმრა. მაპატიე, უინსტონ, მაგრამ ჩემს სიზმარში მე სამყაროს მბრძანებელი გავხდი“.

სტალინი (მცირე პაუზა, ბოთლიდან კონიაკს ასხამს და ეშმაკურად ამბობს): „უნდა ვაღიარო, რომ  მეც ძალიან კარგი სიზმარი ვნახე…. არცერთი თქვენგანი ახალ თანამდებობებზე არ დამიმტკიცებია“.

შესაძლოა, არ იცოდეთ, რომ იალტის კონფერენციიდან 60 წლის შემდეგ ამ სამი პიროვნების შვილიშვილების სამიტი შედგა — ჰოლანდიის ქალაქმა მაასტრიხტმა უმასპინძლა შეხვედრას იოსებ სტალინის, ფრანკლინ რუზველტისა და უინსტონ ჩერჩილის შთამომავალთა მონაწილეობით. მაასტრიხტში შეკრებილი შვილიშვილები თავგამოდებული იცავდნენ სახელგანთქმულ წინაპრებს… უფრო ზუსტად, ყველა თავის წინაპარს იცავდა: სტალინს — ევგენი ჯუღაშვილი. ჩერჩილს შვილიშვილი, უინსტონ ჩერჩილ მესამე და ფრანკლინ რუზველტს ასევე შვილიშვილი კარტის რუზველტი. რა მოხდა იალტის კონფერენციაზე, ეს კონფერენციის შემდეგ გამოჩნდა, ცივი ომის წლებში. ამ პერიოდის შეფასება ისტორიკოსების საქმეა, თუმცა ამ საქმეს  შვილიშვილებიც შეეჭიდნენ: სამი არც თუ ახალგაზრდა კაცი, რომლებიც წინაპრებს ვერც სახელგანთქმულობის თვალსაზრისით შეედრებოდნენ, და, საბედნიეროდ, ვერც გავლენით.

კიდევ ბევრი საინტერესოს მოყოლა შეიძლებოდა, მაგრამ არ მინდა საახალწლო მზადებას მოგაცდინოთ. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0