თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მოსახლეობისთვის აამოქმედა ახალი პორტალი, რომელზეც შეძლებენ მთავრობისთვის საკუთარი სურვილების გაზიარებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
პარლამენტში ოთხშაბათს განახლებული მთავრობის წევრები სიტყვით გამოვიდნენ. ხუთშაბათს დეპუტატებმა მინისტრთა ახალ კაბინეტს კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ნდობა უნდა გამოუცხადონ.
„ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება სამოქალაქო სექტორთან დიალოგი. ინერგება პეტიციების პორტალი და თუ პეტიცია 10 ათასზე მეტ ხელმოწერას მოაგროვებს, მთავრობა ვალდებული იქნება, განიხილოს ის", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
პეტიციების პორტალი იმ ვალდებულებების ნაწილია, რომელიც საქართველომ „ღია მმართველობის პარტნიორობასთან" (OGP) მიერთებისას აიღო.
OGP — ეს არის აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მთავრობასა და ხელისუფლების შტოებს შორის დიდ გამჭვირვალობას ითვალისწინებს. OGP ოფიციალურად 2011 წლის 20 სექტემბერს დაარსდა. ორგანიზაციის შექმნაში რვა ქვეყანა მონაწილეობდა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, ნორვეგია, ინდონეზია, მექსიკა, ფილიპინები და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. OGP-ს პირველი სხდომა ბრაზილიაში 2012 წლის აპრილში გაიმართა.