21 დეკემბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები იმართება:
„ჯუმანჯი: აურზაური ჯუნგლებში“ (Jumanji: Welcome to the Jungle) — რეჟისორ ჯეიკ კეზდანის ამერიკული სათავგადასავლო ფანტასტიკური ფილმი, ფილმ „ჯუმანჯის“ სიკველი. მთავარ როლებში — კარენ გილანი, დუეინ ჯონსონი, მისი პაილი, ჯეკ ბლექი, კევინ ჰართი,ბობი კანავალე. ოთხი მეგობარი-მოზარდი ძველ სათამაშო მოწყობილობას პოულობს. მისი ჩართვისას ისინი თამაშის ვირტუალურ სამყაროში აღმოჩნდებიან, სადაც თითოეული მათგანი არჩეულ პერსონაჟად იქცევა და მის სუპერუნარს იძენს. რეალურ სამყაროში დასაბრუნებლად მათ თამაშის ბოლომდე გავლა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ იქ სამუდამოდ დარჩენა ემუქრება. გმირები ცხოვრებაში ყველაზე სახიფათო თავგადასავალში მოხვდებიან, შეიტყობენ წარსულის საიდუმლოს და საკუთარ თავს სხვა თვალით შეხედავენ.
საინტერესო ფაქტები: რობინ უილიამსის თვითმკვლელობის შემდეგ, რომელმაც ფილმში „ჯუმანჯი“ (1995) მთავარი როლი ითამაშა, ბევრი ადამიანი ამ პროექტის მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი. თუმცა ფილმის შემქმნელებმა საზოგადეობა დაარწმუნეს, რომ ეს სურათი უილიამსის მიმართ პატივისცემის გამომხატველი იქნება.
„ფერდინანდი“ (Ferdinand) — ამერიკული სრულმეტრაჟიანი კომედიური კომპიუტერული ანიმაციური ფილმი, რომელიც მანრო ლიფის წიგნ „ფერდინანდის ისტორიას“ ეფუძნება. მულტფილმი Blue Sky Studios-ის და კომპანია 20th Century Fox-ის ერთობლივი პროდუქციაა.
ფილმი მოგვითხრობს მშვიდ და კეთილგანწყობილ ხარზე სახელად ფერდინანდი. ერთხელ მას შეცდომით მრისხანე მხეცად ჩათვლიან და მის დაჭერას გადაწყვეტენ. შედეგად ფერდინანდი თავისი ოჯახიდან შორს აღმოჩნდება. გმირს ახლობლებთან დაბრუნება სურს და ამისათვის ის არაჩვეულებრივ გუნდს შეკრავს, რომელთანაც ერთად საინტერესო და სახიფათო მოგზაურობა ელის.
საინტერესო ფაქტი: მშვიდობისმოყვარულ ხარს სახელად ფერდინანდი, რომელსაც სასტიკ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება არ სურს, რესლერი ჯონ სინა ახმოვანებს.
გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა „ვარსკვლავური ომების“ ლეგენდარული სერიის სიკველი „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“ (Star Wars: The Last Jedi), ამერიკულ-კანადური საშინელებათა ფილმი „შუაღამის წყევლა“ (The Midnight Man), ქართველი რეჟისორის გელა ბაბლუანის „ფული“(Money is money).
ასევე თბილისის კინოთეატრებში — ამერიკული სათავგადასავლო კომედია „ცუდი დედიკოები 2 ახალი წელი“, ამერიკული და ტაილანდური დრამა „მხოლოდ შენ გხედავ“, მელოდრამა „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“, ფანტასტიკურ–სათავგადასავლო ბოევიკი „სამართლიანობის ლიგა“, ამერიკული კომედია „მამიკო სახლშია 2“ (Daddy's Home 2) და გიორგი ოვაშვილის ბოლო ფილმი „ხიბულა“.
მულტფილმები ბავშვებისთვის: კომპიუტერული ანიმაციური მუსიკალური ფილმი „კოკო“ (Coco) და მულტფილმი-ფენტეზი „პატარა ვამპირი“ (The Little Vampire 3D).
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!