თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი ჯაზ-ვოკალისტი, „გრემის“ ორგზის მფლობელი, სიმღერების ავტორი და მსახიობი გრეგორი პორტერი თბილისში 12 დეკემბერს საახალწლო კონცერტით ევგენი მიქელაძის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით წარდგება.
თბილისში პორტერი თავის კვინტეტთან ერთად შეასრულებს კომპოზიციებს თავისი ბოლო ალბომიდან Nat King Cole & Me, რომელიც 2017 წლის 27 ოქტომბერს გამოვიდა. ალბომი პორტერის კუმირს — ამერიკელ მომღერალსა და ჯაზ-პიანისტ ნეტ კინგ კოულს მიეძღვნა.
გრეგორი პორტერის ალბომზე, რომლის სიმღერებსაც ქართველი მელომანები იანვარში მოისმენენ, მუშაობდნენ ლონდონის სტუდიური ორკესტრი, პიანისტი კრისტიან სენდსი, ბასისტი რუბენ როჯერსი და დრამერი ულის ოუენსი.
კონცერტი გაიმართება თბილისის საკონცერტო დარბაზში. მისი ორგანიზატორებია კომპანიები Eastern Promotions-ი და SOLO („საქართვცელოს ბანკის“ კლიენტების პერსონალური მომსახურება).
გრეგორი პორტერის საახალწლო კონცერტის ბილეთები SOLO-ს მომხმარებელთათვის ონლაინ www.tkt.ge და სოლოს ლაუნჯში 2017 წლის 21 დეკემბრიდან გაიყიდება. ყველა დანარჩენი მსურველი ბილეტების შეძენას 28 დეკემბრიდან შეძლებს.
ჯაზმომღერალი და მილიონების კუმირი გრეგორი პორტერი მაგიური გულშიჩამწვდომი ხმით გამოირჩევა. თავად პორტერი თავის სტილს ჯაზის, ბლუზის, სოულის და გოსპელის მიმდინარეობებს აკუთვნებს.
პორტერი დაიბადა 1971 წლის 4 ნოემბერს ლოს-ანჯელესში და იზრდებოდა ბეიკერსფილდში (კალიფორნია), შვიდ და-ძმასთან ერთად. ბავშვობიდან მისი შთაგონების წყარო იყო ნეტ კინგ კოული. პორტერმა 2004 წელს მიუზიკლიც კი დაწერა „ნეტ კინგ კოული და მე — მუსიკალური განკურნება“ (Nat King Cole And Me – A Musical Healing).
გრეგორი პორტერი — ბროდვეის არტისტია. ის მონაწილეობდა მიუზიკლში It Ain"t Nothin' But The Blues, რომელიც ბლუზის ისტორიას მიეძღვნა. მიუზიკლის პრემიერა ნიუ-იორკში 1999 წელს შედგა.
გრეგორი პორტერის სადებიუტო ალბომი Water 2010 წელს გამოვიდა და „გრემის“ პრემიაზე იყო ნომინირებული (53-ე ცერემონიაზე). მისი მეორე ალბომი — Be Good — წმინდა ვალენტინის დღეს 2012 წელს გამოვიდა. ამ ფირფიტის მთავარი ტრეკი „გრემის“ 55-ე ცერემონიაზე ტრადიციული R&B-ს საუკეთესო შესრულების ნომინაციაში წარადგინეს. საბოლოოდ „გრემი“ პორტერს 2014 წელს გადაეცა. მესამე ალბომმა Liquid Spirit (სტუდიაBlue Note Records) ჯაზ-ვოკალის საუკეთესო ალბომის კატეგორია აიღო.
არტისტი გრეგორი პორტერი ცნობილია თავისი განთქმული ქუდით. პორტერის აღიარებით, თავდაპირველად ამ თავსაბურავს სახეზე გადატანილი ოპერაციების კვალის დასაფარად ატარებდა, მერე კი შენიშნა, რომ ეს მას სხვა არტისტებისგან გამოარჩევდა, და ეს ქუდი თავის „ფიშკად“ გახადა.