თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 2018 წელს საუკეთესო წვერ-ულვაშის კონკურსი გაიმართება. ასეთი ჩემპიონატები ტრადიციულად, იმართება კანადაში, საფრანგეთში, ნორვეგიასა და სხვა ქვეყნებში.
კონკურსის ინიციატორი არიან წვერიანთა კლუბის Beardman დამფუძნებლები ბექა გოგიბერიძე და თორნიკე სამხარაძე. ორგანიზატორების თქმით, კონკურსის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას, რომ წვერი — ეს მხოლოდ მოდა კი არ არის, არამედ ქართული კულტურის ნაწილია.
შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია მოვლილი წვერი, სილამაზე და წვერ-ულვაშის ორიგინალობა.
შეჯიბრების შესარჩევი ტურები 23 და 24 დეკემბერს ჩატარდება წვერიანთა კლუბის ოფისში მისამართზე — მელიქიშვილის 45. ტურებში შეარჩევენ საუკეთესო კანდიდატებს, რომლებსაც შემდეგ ფინალში მიიწვევენ.
ფინალი 10 იანვარს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (გუდიაშვილის 7) გაიმართება.
იქვე ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება წვერ-ულვაშის მატარებელი გამოჩენილი ქართველების ფოტოები: აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვების.
ღონისძიებაზე, გარდა საუკეთესო წვერ-ულვაშის ტიტულის მფლობელისა, გამოავლენენ გამარჯვებულებს ნომინაციებში: „ყველაზე კრეატიული წვერ-ულვაში". „წვერიანთა კლუბის ფავორიტი" და „ფეისბუქის გამოკითხვის ლიდერი".
კონკურსის გამარჯვებულები პრიზებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
წვერიანთა კლუბი Beardman თბილისში 2016 წელს დაარსდა. ის თავის მომხმარებელს სთავაზობს როგორც წვერ-ულვაშის მოვლის აქსესუარებსა და უახლეს პროდუქციას, ასევე სასარგებლო და აქტუალურ ინფორმაციას წვერიანებისთვის.