„არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს...“ ანუ ლარის ახალი რეკორდი

გამოწერა
რა ხდება ქვეყნის სავალუტო ბაზარზე? რამ განაპირობა ლარის გამყარება მაშინ, როცა გაუფასურების მოლოდინი იყო? რა ფაქტორები განსაზღვრავენ ლარის კურსის ბოლოდროინდელ რყევებს და რატომ აღარ ექვემდებარება კურსი ლოგიკას?

ერთგულო მკითხველო, გადავწყვიტე წინამდებარე სტატიის სახელდებისას აკაკი წერეთლის სიტყვები მოვიშველიო. მკითხველს უსათუოდ ემახსოვრება დიდი მგოსანის ეს პოეტური სტრიქონები, ლექსი „ავადმყოფი“… არაფრით შემეძლო სხვაგვარად. ეროვნული ვალუტა რომ რამდენიმე წელია სნეულია და „სიკვდილს ებრძვის“ არავინ კამათობს, მაგრამ ბოლო ერთი კვირის დინამიკამ, სხვისი არ ვიცი და პირადად ჩემში იმედი გააჩინა, რომ „ვინც შენატრის იმის სიკვდილს, უმალ მასვე დაამიწებს…“ ზუსტად როდის გაიღვიძებს არავის უწყის, თუმცა ფაქტია, რომ ეროვნული ვალუტა დროის მოკლე პერიოდში რეკორდულად გამყარდა. მაინც რა მოხდა, რამ განაპირობა ასეთი სწრაფი პროგრესი და რა ფაქტორები განსაზღვრავენ ლარის კურსის ბოლოდროინდელ რყევებს…

ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
ძაღლი უკვე ჰყეფს... ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფები ძვირდება?!

ეროვნული ვალუტის სწრაფმა გამყარებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სპეციალისტების და ექსპერტ-ანალიტიკოსთა მოსაზრებები, რომ ბოლო დროს ლარის კურსზე სპეკულაციური ფაქტორი მოქმედებს. მათი შეფასებებით, აშკარაა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება და გამყარება ეკონომიკური პროცესის დამოუკიდებლად მიმდინარეობს. თავად განსაჯეთ, ზუსტად ერთ დღეში კურსი ერთბაშად რვა პუნქტით გამყარდა. სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში არნახული სავალუტო სპეკულაციაა. ზოგი ასეთ მოსაზრებას ემიჯნება და კურსის ამგვარ ცვალებადობას უცხოელი ინვესტორების მიერ მოგების რეინვესტირებას უკავშირებს. ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ უკვე იშვიათია დასაბუთებული მსჯელობა, თუ რა იწვევს კურსის ჯერ მკვეთრ გაუფასურებას და შემდეგ – თავბრუდამხვევ გამყარებას. ექსპერტთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ ადგილი აქვს სპეკულაციას და კონკრეტულ მომენტში ლარის ნახტომისებური გამყარება ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებულ მაღალ მოგებას უკავშირდება.

ბაზარში პროდუქტების ყიდვისას - Sputnik საქართველო
სავსე ქისა და გატეხილი ქოთანი - შუა უკვე გაიკრიფა?!

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „ლარის კურსის ფორმირების ერთ-ერთი საფუძველი ქვეყანაში ფულის გატანის ან შემოტანის პროცესია. ამჯერად მორჩა სპეკულაციური ზეწოლა ლარზე. ეს გაგრძელდება მორიგ ფულის გაზიდვამდე, რასაც ახლო მომავალში აუცილებლად უნდა ველოდოთ. ლარის კურსის გამყარება არ იქნება ხანგძლივი პროცესი და მალე ისევ გაუფასურების გზას დაადგება. ეს არის ფულის გადინების შედეგი. კომერციული ბანკები ჯერჯერობით დაწყნარდნენ, ფული დიდი ოდენობით აღარ გადის ქვეყნიდან და კურსი გამყარდა. თუმცა, როგორც კი გაჩნდება ბანკების ან მათი კლიენტების მიერ ფულის გატანის შესაძლებლობა, ეროვნული ვალუტა ამას აუცილებლად იგრძნობს და ვარდნას დაიწყებს…“

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საქართველოს არ აქვს კლასიკური საბაზრო ეკონომიკა და აქ კანონზომიერება ხშირად არ მოქმედებს, როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებში ხდება. შესაბამისად, კურსის ფორმირება არ ხდება არც საბაზრო მექანიზმებით და არც ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით. ეს არის წმინდა სპეკულაციური პროცესი, სადაც არც სეზონურობას აქვს მნიშვნელობა, არც ბიუჯეტის ხარჯვას და არც სხვა მიზეზს. მათივე თქმით, სწორედ ამიტომ, ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს შემუშავებული სავალუტო პოლიტიკა, უარი თქვას მცურავ კურსზე და არეგულიროს იგი, როდესაც მკვეთრ რყევას განიცდის. ეროვნული ბანკი კი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. სპეციალისტები ლარის გამყარების საფუძველს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ ხედავენ და ფიქრობენ, რომ გამყარებას აქვს ერთჯერადი ეფექტი, რაც მალე გადაივლის.

ლარი და დოლარი - Sputnik საქართველო
ლარის ახალი „თავგადასავალი“, ანუ რას „გვერჩიან“ ოკეანის გაღმა?!.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი: „არსებული კურსი არ ნიშნავს, რომ საქმე უკეთესობისკენ წავიდა. ასე ნამდვილად არ არის. ჩვენთან სავალუტო კურსი არ ასახავს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას. არ გამოვრიცხავ, რომ არც იყოს სპეკულაცია და დიდ ტრანზაქციებს რაღაც გავლენა მოეხდინა კურსზე, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა არ უნდა დაუშვას ასეთი მკვეთრი ცვლილებები გაუფასურების თუ გამყარების მიმართულებით. ნაკლებად ველოდები, რომ ლარი გამყარებას გააგრძელებს. შესაძლოა, ეს იყოს ერთჯერადი პროცესი. რაღაც კორექცია აუცილებლად მოხდება და ლარი ისევ გაუფასურდება…“

საბანკო სპეციალისტთა ერთი ნაწილი განსხვავებული მოსაზრებისაა. ისინი ლარის მყისიერ გამყარებას „ესტონური მოდელის“ დამსახურებად მიიჩნევენ და არ გამორიცხავენ, რომ ინვესტორებმა გარკვეული თანხა რეინვესტირებისთვის განკარგეს…

ვალუტის გაცვლა - Sputnik საქართველო
თავისუფალი სტილით ცურვის რისკები... ანუ ოცნებად ქცეული ტივტივი!..

ანალიტიკოსი გოჩა თუთბერიძე: „ლარის კურსი მოთხოვნა-მიწოდების შედეგად ყალიბდება. უცხოელი ინვესტორების მიერ მოხდა მოგებების რეინვესტირება და ეს ლარსაც დაეტყო. ჩვენ ვიცით, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი წილი უკვე რეინვესტირებაზე მოდის, რაც უკვე ამოქმედებული ესტონური მოდელის დამსახურებაა. ამან ხელი შეუწყო უცხოური ინვესტიციების ზრდას, რაც ლარზე დადებითად აისახა. რა თქმა უნდა, არ მაქვს იმედი, რომ ლარის კურსი მომავალშიც გამყარდება. ეს არის დროებითი მოვლენა, სიტუაცია შეიძლება, შეიცვალოს ახალი წლის შემდეგ, როცა საგარეო ვალების დაფარვა მოუწევს როგორც საფინანსო, ასევე არასაფინანსო სექტორს. მაშინ კვლავ გაჩნდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე და ეს ტენდენცია ლარზეც აისახება…“

რატომ გამყარდა ლარი დროის ამ მოკლე მონაკვეთში?— ამ „მარტივ“ კითხვაზე მმართველი გუნდის ოპონენტებს განსხვავებული პასუხი აქვთ…

ბანკის სალაროსთან - Sputnik საქართველო
ლარის გამბიტი, ანუ „გულუხვი“ ბანკები და „გაქცეული“ დოლარი...

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე: „ახლა მთავრობამ უკან დაიბრუნა კომერციული ბანკებისათვის გაცემული სესხების ნაწილი 100 მილიონი ლარის ოდენობით; ეროვნულმა ბანკმა კი შეამცირა რეფინანსირების სესხები 80 მილიონი ლარით; 15 დეკემბრამდე ბიზნესს გადასახდელი ჰქონდა დღგ, რის გამოც მოუწიათ დიდ რაოდენობის დოლარების კონვერტირება და ბოლოს მინიმალური იყო საბიუჯეტო ხარჯები… რატომ შეიძლება გაუფასურდეს ლარი? მთავრობა არ დაიბრუნებს კომერციული ბანკებისათვის მიცემულ სესხებს (ჯერ კიდევ დარჩენილია 555 მილიონი ლარი) ან კიდევ უარესი, კვლავ გააგრძელებს ხაზინის ნაშთებში არსებული თანხების გასესხებას; ეროვნული ბანკი გააგრძელებს უზომოდ გაბერილი რეფინანსირების სესხების ზრდას; მთავრობა კი ინტენსიურად დაიწყებს ბიუჯეტის ხარჯვაში არსებული ჩამორჩენის აღმოფხვრას. გარდა ამისა, მოლოდინებზე და მსგავს სისულელეებზე იმედია მორჩება საუბარი. ეს პრიმიტიული ახსნა ამ ორიოდე კვირის მოვლენებმა კარგად გააბათილა-ყველა გაუფასურების მოლოდინში იყო და ლარი 20 პუნქტით გამყარდა…“

ფაქტია, რომ რეალური მიზეზი, რამაც ლარს გამყარებისკენ უბიძგა, მაინც უცნობი რჩება. უფრო და უფრო რთული ხდება პროგნოზი, თუ რა პერიოდის განმავლობაში შეინარჩუნებს ლარი გამყარებისკენ აღებულ გეზს. ქვეყნის სავალუტო ბაზარზე მიმდინარე მოვლენები უკვე ე.წ „ლოგიკურ გათვლებში“ არ ჯდება.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0