თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ცნობილ მუსიკალურ ჯგუფ „მგზავრებთან“ მოლაპარაკებებს საახალწლო კონცერტზე გამოსვლის შესახებ ბათუმის მერიის მიერ შექმნილი კომისია მართავს, იუწყება გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ ბათუმის მუსიკალურ ცენტრზე დაყრდნობით.
წინასწარი მონაცემებით, დაგეგმილ საახალწლო კონცერზე წარდგებიან ცნობილი ჯგუფები „მგზავრები“ და „გამოუვალი მდგომარეობა“, ამ მიზნით ბიუჯეტიდან შემსრულებელთათვის ჰონორარის სახით უკვე გამოყოფილია 83 700 ლარი. ბათუმის კულტურული ცენტრის ინფორმაციით, „მგზავრების“ გამოსვლა 67 500 ლარი, ხოლო „გამოუვალი მდგომარეობის“ – 16 200 ლარი დაჯდება.
„საახალწლო საზეიმო ღონისძიებების ორგანიზების მიზნით მერიის განკარგულებით შეიქმნა კომისია, რომელსაც სხვადასხვა ღონისძიებათა მაღალორგანიზებული ჩატარება დაევალა. კომისიის გადაწყვეტილებით, მერიის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე, მთავარი მონაწილეების სტატუსით დაგეგმილია მუსიკალური ჯგუფ „მგზავრების“ გამოსვლა, რაც ღონისძიებისადმი მოსახლეობის ინტერესის მასშტაბურ ზრდას შეუწყობს ხელს“, — ციტირებს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ ბათუმის მუსიკალურ ცენტრს.
ქალაქის მორთვასა და მთავარი სცენის დამონტაჟებაზე ბათუმის კულტურულმა ცნტრმა ტენდერი გამოაცხადა, განაცხადების მიღების ბოლო ვადა 4 დეკემბერი იყო. სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის ქალაქის მომზადების საერთო ბიუჯეტი 317 000 ლარს შეადგენს.
ჯგუფი „მგზავრები" 2006 წელს ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა დააარსა. 2008 წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი ალბომი „მე მოვიგონე", რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა.
მუსიკოსების შესრულების მანერა ინდივიდუალურია და იგი ფოლკლორული რიტმების, მრავალხმიანობის, იმპროვიზაციისა და თანამედროვე და კლასიკური ელემენტების სინთეზია. 2016 წლის თებერვალში ჯგუფმა „მგზავრები" რუსული პრემია Чартова Дюжина მიიღო — ქართველმა მუსიკოსებმა გაიმარჯვეს ნომინაციაში Взлом.
მუსიკოსები აქტიურად მართავენ კონცერტებს რუსეთის, უკრაინის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.