მამულის სიყვარულს შეწირული სიცოცხლე

© Sputnik / Levan Avlabreliმცხეთა, არაგისა და მტკვრის შესართავთან
მცხეთა, არაგისა და მტკვრის შესართავთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
შიო არაგვისპირელმა დაახლოებით 30 წლის განმავლობაში შექმნა ოთხმოცამდე ნაწარმოები. ქართული ლიტერატურის ისტორიაში ის იყო ერთ-ერთი პირველი მწერალი, რომელმაც შემოიტანა და დაამკვიდრა პროზაული ჟანრის მცირე ფორმები — ფსიქოლოგიური ნოველა, ეტიუდი, ესკიზი და სურათი.

1898 წელს აკაკი წერეთელი შიო არაგვისპირელის  შესახებ წერდა: „ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ახალ მწერლობაში ყველაზე უფრო საყურადღებოა არაგვისპირელი თავისი პსიხოლოგიური ეტიუდებით, მისმა ზეგავლენამ, მომბაძველობამ ბევრი გამოიწვია, თითქმის სკოლა შექმნა“. 

უჩვეულო წარმატებით სარგებლობდა მისი შემოქმედება. ამას თავისი მიზეზებიც ჰქონდა. დაბადებულა 1867 წელს სოფელ ქარისხევში, ღარიბი მღვდლის, ზაქარია დედაბრიშვილის, ოჯახში. მისი მეგობრის, თედო სახოკიას, მოგონებას თუ დავეყრდნობით, შიო ყოფილა ძალზე შავი, „ლოყებდაკვერილი, სქელტუჩება და ხუჭუჭთმიანი“. გამოირჩეოდა საუბრის მანერითაც, მეტყველებდა როგორც დინჯი, დაკვირვებული, ნელი და აუღელვებელი. კიდევ ერთი თვისება ამკობდა შიოს — გასაოცარი თავმდაბლობა, სულ ჩრდილში იდგა, მაშინაც კი, როცა დიდი მწერლის სახელი ჰქონდა.

CC0 / vikipedia / შიო არაგვისპირელი
შიო არაგვისპირელი - Sputnik საქართველო
შიო არაგვისპირელი

შიო არაგვისპირელი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ — სასულიერო სემინარიაში. 1887 წლიდან დაუახლოვდა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას. ის მეგობრობდა იოსებ ლაღიაშვილთან — ეს ის სტუდენტია, რომელმაც 1886 წლის 24 მაისს ხანჯლით მოკლა სემინარიის რექტორი, ქართველთმოძულე ჩუდეცკი. მალევე შიო სემინარიიდან გარიცხეს და მხოლოდ ორი წლის მერე აღიდგინა თავი. სემინარიის დამთავრების შემდეგ ვარშავის საბეითლო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. 1893 ქართველ სტუდენტებთან ერთად ვარშავაში „საქართველოს განთავისუფლების ლიგა" დააარსა, რისთვისაც დააპატიმრეს. ერთ თავის ავტობიოგრაფიულ თხზულებაში ამ მოვლენის შესახებ წერდა: „სამშობლოს სიყვარული ვარშავაში სიგიჟემდის მიმივიდა. აქ შევქმენი ერთგავრი წრე ქართველთ შორის. შევიმუშავეთ „ლიგა საქართველოს განთავისუფლებისა“ და შევუდექით ამის გავრცელებას“.  

 ვარშავისა და ქუთაისის ციხეში ჯდომამ სერიოზულად შეარყია მისი ჯანმრთლეობა, შეიძლება ითქვას, რომ საბედისწეროც აღმოჩნდა მწერლისთვის ეს პერიოდი. სწორედ, ციხეში დაემართა მწერალს მწვავე ნერვული აშლილობა და ჰალუცინაციები, რომლებიც მთელი ცხოვრება ტანჯავდა. თავად ასე იგონებდა: „დიდ ტანჯვას განვიცდიდი, ხელმწიფის „ოხრანკა“ ციხეში მაწამებდა ფიზიკურად და მორალურად. ხან მცემდნენ, ხან თავზე ელექტრონს მიერთებდნენ. მე მეშინოდა, ვაითუ სულის სისუსტე დამემართოს და გავცე ამხანაგები-მეთქი და ამიტომ გადავწყვიტე თავის მოკვლა,  მაგრამ როგორ, რითი?! — დიდი გაჭირვებით გავტეხე ძალიან სქელი ფანჯრის შუშა და პირდაღმა გავწექი ნატეხზე ისე, რომ გული გამეხვრიტა.  გული წამივიდა და ძალიან ბევრი სისხლი დავკარგე, ვიდრე მომესწრო მშველელი. იმის მერე დამეწყო ხველა, რომელიც დღესაც არ მშორდება“. 

1895 წელს შიო არაგვისპირელმა დაამთავრა ინსტიტუტი და ვეტერინარის დიპლომით  დაბრუნდა საქართველოში. ამ წლებმა შეიწირა მისი ბევრი ხელნაწერი: „1894 წელმა ჩანთქა 1886 წლიდან განზრახული და „ჩონჩხად“ ჩამოსხმული მოთხრობები“, — გაიხსენებს სევდიანად და ტკივილით მწერალი.

შერყეული ჯანმრთელობით იდგა სამშობლოს სადარაჯოზე, ასე ქმნიდა თავის მხატვრულ ქმნილებებს. უცნაური იყო არაგვისპირელის გარდაცვალებაც.

ვახტანგ კოტეტიშვილი წერდა: „სრულ საიდუმლოებას წარმოადგენდა მისი უკანასკნელი წუთები. შიოს სწყურია წერა, გულიც ერჩის, მიუჯდება მაგიდას, ზის კარგა ხანს ჩუმად და, ბოლოს, მისი კალამი ხატავს მხოლოდ სამ სიტყვას: „თავი აღარ მუშაობს“. წამოდგება, უნდა, კარში გაიაროს და შუა კიბეზე თავთან ერთად გულიც შეწყვეტს მუშაობას“. 

მწერალი 1926 წელს გარდაიცვალა.

შიო არაგვისპირელმა დაახლოებით 30 წლის განმავლობაში შექმნა ოთხმოცამდე ნაწარმოები. ქართული ლიტერატურის ისტორიაში ის იყო ერთ-ერთი პირველი მწერალი, რომელმაც შემოიტანა და დაამკვიდრა პროზაული ჟანრის მცირე ფორმები — ფსიქოლოგიური ნოველა, ეტიუდი, ესკიზი და სურათი.

დღეს დიდი მწერლის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0