თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.
უბედური შემთხვევა 14 დეკემბერს საფრანგეთის სამხრეთში, პერპინიანთან ახლოს მოხდა. სასკოლო ავტობუსი მატარებელს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ოთხი ბავშვი.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტობუსი ორად გაიხლიჩა. დაშავდა 20 ადამიანი, აქედან 16 — ბავშვი. დაშავებული ბავშვებიდან ყველაზე უმცროსი 8 წლისაა, ხოლო უფროსი — 15 წლისა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საფრანგეთში, ქალაქ პერპინიანში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, საუბედუროდ, მათ შორის, ბავშვებიც არიან…ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ",- ნათქვამია პრემიერის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.
საქართველოს მთავრობა ამ რთულ წუთებში ფრანგი ხალხის გვერდით დგას, აღნიშნულია განცხადებაში.