თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრის თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურაა წარდგენილი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის Facebook–გვერდზე.
აბაშიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სემეკის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი კანდიდატურა წარადგინა და მათ შორისაა ნარმიანიას კანდიდატურაც.
მისი თქმით, სემეკის წევრობის კანდიდატების წარდგენა საქართველოს მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს. ამ შეთანხმების ფარგლებში უკვე დამტკიცდა მაია მელიქიძის კანდიდატურა, ასევე ნომინირებულია და გოჩა შონიას კანდიდატურა.
„ხოლო საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტს ეთხოვა დავით ნარმანიას კანდიდატურის ნომინირება", – განაცხადა აბაშიშვილმა.
დავით ნარმანია თბილისის მერად 2014 წლის 12 ივლისს აირჩიეს. მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში კონკურენტი ნიკა მელია დაამარცხა და თბილისის მერის თანამდებობა დაიკავა. წელს კი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალაქის მერად თბილისელებმა კახა კალაძე აირჩიეს, რომელიც საქმიანობას 12 ნოემბერს შეუდგა.
ნარმანიას მომავალის საქმიანობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის ის, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნებოდა. ჟურნალისტების კითხვაზე მაშინ დავით ნარმანიამ უპასუხა, რომ ეს სიმართლე არ არის და „ის იქნება იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას".