თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. თბილისის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ბაზრობებისთვის სპეციალურ ადგილებს გამოყოფენ, რომლებიც 18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებენ.
ბაზრობები გლდანი-ნაძალადევის, დიდუბის, ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის რაიონებში განთავსდება — სულ 16 წერტილი იქნება.
„აღნიშნულ ლოკაციებზე ზედამხედველობას და უსაფრთხოებას მერიის შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ", — აღნიშნა ბენდელიანმა.
მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ პირობა დადო, რომ ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებები სახალხო იქნება და დიდი ალბათობით ქალაქის გარეუბნებში — გლდანსა და სამგორში, ასევე ძველ თბილისში ჩატარდება.
თბილისში მთავარი ნაძვის ხე 16 დეკემბერს აინთება. გასართობი ღონისძიებები თბილისში 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ჩატარდება.
„დედაენის" ბაღში საახალწლო ქალაქი განთავსდება, სადაც ორი კვირის განმავლობაში გაიმართება კონცერტები, საახალწლო მსვლელობები, სპორტული ღონისძიებები, გარდა ამისა, მოეწყობა ატრაქციონები და ღია კინოთეატრი.
31 დეკემბერს თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს მეტრო მთელი ღამის განმავლობაში მოემსახურება. გარდა ამისა, გამოყოფილი იქნება სპეციალური ავტობუსები, რომლებიც მგზავრებს საახალწლო კონცერტების ლოკაციამდე მიიყვანს.