თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მოსახლეობას აფრთხილებსსესხის დოკუმენტის ხელმოწერამდე გულდასმით გაეცნონ სესხის ხელშეკრულებას და ყურადღება მიაქციონ პირობებს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, საფინანსო სექტორმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. კერძოდ, 2017 წლის 15 იანვრიდან სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი პირის მიერ გაცემული სესხის ფასი არ უნდა აღემატებოდეს წლიურ ეფექტურ 100 პროცენტს. გარდა ამისა, 100,000 ლარამდე სესხები ფიზიკურ პირებზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ ეროვნულ ვალუტა ლარში.
„ჩემი თხოვნა და რჩევაა, რომ კარგად გადაამოწმოთ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა აქციების დროს შემოთავაზებული პირობები, რადგანაც წინასაახალწლო პერიოდი განსაკუთრებით უხვია მსგავსი შემოთავაზებებით", — წერს გვენეტაძე Facebook-გვერდზე.
გვენეტაძის განმარტებით, სესხზე დაკისრებული ნებისმიერი სახის ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს ნარჩენი ძირი თანხის წლიურ 150%-ს. მაგალითად, თუ თქვენი სესხის ნარჩენი ძირი 1000 ლარია და თანხის გადახდა სამი დღით დაგაგვიანდათ, ამ პერიოდზე ჯარიმის სახით, გამსესხებელს შეუძლია მაქსიმუმ 12,3 ლარი დაგაკისროთ.
აღნიშნული მოთხოვნები ეხება ნებისმიერ გამსესხებელს, როგორც ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს, ისე ლომბარდებსა და კერძო გამსესხებლებს.
თუ ცნობილია სესხის თანხა და ყოველთვიური შენატანი, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა თავად შეგიძლიათ ეროვნული ბანკის შემდეგ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/cp/index.php?m= 551