14 დეკემბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები იმართება:
„ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“ (Star Wars: The Last Jedi) – ფილმების ლეგენდარული სერიის სიკველი. ამერიკელმა რეჟისორმა რაიან ჯონსონმა გააცოცხლა ნაცნობი პერსონაჟები, მათი როლები შეასრულეს: დეიზი რიდლი, მარკ ჰემილი, ჯონ ბოიეგა, ადამ დრაივერი, კერი ფიშერი და სხვ. ნათელისა და ბნელეთის, სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება მთავარი გმირის ჰან სოლოს სიკვდილის შემდეგ იწყება. გალაკტიკაში, სადაც „პირველი ორდენი“ და „წინააღმდეგობა“ სამკვდრო-სასიცოცხლო ომს მართავენ, გმირ ქალ რეაში ძალამ გაიღვიძა. მაგრამ რა მოხდება, როდესაც ის ერთადერთ გადარჩენილ რაინდ-ჯედაის — ლიუკ სკაიუოტერს შეხვდება? კაილო რენი უკვე ძალის ბნელ მხარეზე გადავიდა და „პირველ ორდენში“ მაღალი პოსტის გამო საკუთარი მამა მოკლა. სანამდე მიიყვანს მას გადამეტებული ამბიციები, რომლებიც მრისხანე ბაბუა დარტ ვეიდერისგან მემკვიდრეობაში ერგო? სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება, როდესაც კაილოს დედა, წინააღმდეგობის ლიდერი ლეა, პოსთან, ფინთან და BB-8-სთან ახალ მისიას შეუდგება.
„შუაღამის წყევლა“ (The Midnight Man) – რეჟისორ ტრევის ზარისნის ამერიკულ-კანადური საშინელებათა ფილმი. თავისი ბებიის სხვენში ალექსი და მისი მეგობრები უცნაურ თამაშს იპოვიან. თამაშის წესების მიხედვით ერთ ადგილზე დიდი ხნით გაჩერება ან ძილი არ შეიძლება. საფრთხის მიუხედავად, სამი მეგობარი თამაშის დაწყებას გადაწყვეტს. ერთ-ერთისთვის ეს სავალალოდ მთავრდება, დანარჩენები გადარჩებიან?
„ფული“(Money is money) – ქართველი რეჟისორის გელა ბაბლუანის ფრანგული ფილმი. მთავარ როლებში: გიორგი ბაბლუანი, ვენსან როტიე, ლუი-დო დე ლანკესე და სხვები. დეტროიტში ცხოვრობს სამი მეგობარი, რომლებსაც სიცოცხლისთვის ბრძოლა უწევთ და ფულს ქურდობით შოულობენ. ერთხელ მორიგ „სამუშაო ადგილზე“ გადააწყდებიან მამაკაცს, რომელსაც თავის ჩამოხრჩობა უნდა. მაგრამ იმ ღამეს მათ ფული ძალიან სჭირდებათ. როგორ მოიქცევიან ბავშვობის მეგობრები?
ასევე თბილისის კინოთეატრებში —ამერიკული ტრილერი „სიკვდილის დღეს გილოცავ“, ამერიკული სათავგადასავლო კომედია „ცუდი დედიკოები 2 ახალი წელი“, ამერიკული და ტაილანდური დრამა „მხოლოდ შენ გხედავ“, მელოდრამა „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“, ფანტასტიკურ–სათავგადასავლო ბოევიკი „სამართლიანობის ლიგა“, ამერიკული კომედია „მამიკო სახლშია 2“ (Daddy's Home 2), ფსიქოლოგიური ტრილერი „სიკვდილის ზღვარზე“ (Flatliners) და ბრიტანული კრიმინალური ტრილერი „თოვლის კაცი“ (The Snowman), ამერიკული საოჯახო დრამა „საოცრება“, ამერიკული ფილმი-ფენტეზი „თორი: რაგნაროკი“ (Thor: Ragnarok).
მულტფილმები ბავშვებისთვის: კომპიუტერული ანიმაციური მუსიკალური ფილმი „კოკო“ (Coco) და მულტფილმი-ფენტეზი „პატარა ვამპირი“ (The Little Vampire 3D).
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!