საწარმო „გემუანი“ (მეგრულად „გემრიელი“), რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, წარმოების გაფართეობა შეძლო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, რომლის ფარგლებში კომპანიამ უსასყიდლოდ შენობა მიიღო. კომპანიის შექმნისა და მისი გეგმების შესახებ „Sputnik-საქართველოს“ „გემუანის“ პროექტების მენეჯერმა ზაქარია ყურაშვილმა უამბო.
„ჩვენი პროდუქციის გაყიდვები უცხოეთის ქვეყნებში რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. მანამდე ჩვენ ვმუშაობდით ასორტიმენტის გაფართოებაზე და მარაგების შექმნაზე, ახლა კი უკვე რეალიზებისთვის ვართ მზად“, — აღნიშნა ყურაშვილმა.
მისი თქმით, კომპანია წელიწადში დაახლოებით 24 ტონა პროდუქტს აწარმოებს. ასეთი რაოდენობის მისაღებად დაახლოებით 300 ტონა ნედლეული უნდა გადამუშავდეს. კომპანიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ეს პრემიუმ კლასის პროდუქტია, რადგან მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ტექნოლოგიით იწარმოება.
წარმოებისთვის დანადგარები და ტექნოლოგიები კომპანიამ იტალიიდან გამოიწერა, იქიდანვე მოიწვიეს სპეციალისტები, რომლებმაც კომპანიის ადგილობრივ თანამშრომლებს სიახლის ათვისებაში დაეხმარნენ. შემდეგ ინგლისიდან ჩამოვიდა კონსულტანტი, რომელმაც მათ წარმოების დეტალების დახვეწაში დაეხმარა.
კომპანია ნედლეულს მხოლოდ საქართველოში ყიდულობს, ისიც მხოლოდ სეზონურსა და ღია გრუნტზე მოყვანილს. ის სათბურებთანაც ნაკლებად თანამშრომლობს და, ძირითადად, ქართული ჯიშების შეძენას ცდილობს, რადგან ის უფრო არომატული და გემრიელია.
„ქართული ხილი დასავლეთის ბაზარზე თავისი გემოვნებითი თვისებების გამო არის კონკურენტუნარიანი. გარდა ამისა, მას საკმაოდ დაბალი სარეალიზაციო ფასი გააჩნია“, — განაცხადა ყურაშვილმა.
კომპანია „ჩიპსებს“ 12 სახის ხილისგან აწარმოებს: მარწყვის, ჟოლოს, გარგრის, ატმის, ალუჩის, ქლიავის, მანდარინის, ნესვის, ფორთოხლისგან და ა.შ.
„ეს არის ნატურალური პროდუქტი ყოველგვარი დანამატების გარეშე — პროდუქტს მხოლოდ სითხეს ვაცლით. თანაც ისე, რომ მისი უჯრედოვანი სტრუქტურა არ დაზიანდეს. შესაბამისად, ვინარჩუნებთ ხილის ფორმას, ფერს, არომატს, ვიტამინებისა და მიკროელემენტების 98%-ს. ასე რომ, სუბლიმირებულ ხილში იგივე კვებითი ღირებულება რჩება“, — განაცხადა ზაქარია ყურაშვილმა.
მისი თქმით, მარწყვი იგივე ფერისა და ფორმის რჩება, როგორიც მანამდე იყო. უბრალოდ ის ხრაშუნა ხდება. ამასთან, ამ პროდუქტს ვარგისიანობის ხანგრძლივი ვადა გააჩნია.
წარმოების განვითარების მიზნით, შენობის გარდა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „გემუანმა“ მიიღო სახელმწიფო გრანტი 250 000 დოლარის ოდენობით და შეღავათიანი აგროკრედიტი 500 000 დოლარის ოდენობით. პროეტ USAID REAP-ის ფარგლებში კომპანიამ ასევე 118 000 დოლარის ოდენობის გრანტი და სხვადასხვა სახის ტექნიკური დახმარება მიიღო.