თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. 2018 წლის იანვარში ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრში ინგლისურენოვანი მიუზიკლ Welcome To Georgia – The Musical-ის პრემიერა გაიმართება, რომელიც საქართველოში უცხოელ სტუმრებზეა ორიენტირებული, ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
მუსიკალური სპექტაკლი რომანტიული კომედიის ჟანრისაა და მისი ლეიტმოტივი ფრანგი გოგონასა და ქართველი ბიჭის სიყვარულის ისტორიაა, რომელიც კახეთში ვითარდება. 90 წუთის მანძილზე, ანტრაქტის ჩათვლით, 18 მსახიობი შეასრულებს 10-ზე მეტ სასიმღერო და საცეკვაო ნომერს. სპექტაკლში დიალოგების უმეტესობა ინგლისურ ენაზეა (ქართული დიალოგების შემთხვევაში, მაყურებელი ინგლისურ ტიტრებს იხილავს).
სპექტაკლში მაყურებელი იხილავს ნაციონალურ კოსტუმებში შესრულებულ ქართულ ცეკვებსა და მოისმენს პოლიფონიურ და ქალაქურ სიმღერებს ცოცხალი შესრულებით. ასევე, დიალოგების, სიმღერების თუ ვიზუალური პროექციის საშუალებით გაიგებს საინტერესო ფაქტებს საქართველოზე და მიიღებს ინფორმაციას ჩვენი კულტურის, ისტორიის, ყოფის, ადათ-წესების, ღვინისა და ქართული სუფრის შესახებ.
პროექტის მიზანია — სპექტაკლი Welcome To Georgia საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის მათი კულტურული პროგრამის განუყოფელი ნაწილი გახდეს.
2018 წლის იანვარში დაგეგმილია სამი დახურული პრემიერა, ხოლო მარტიდან ივნისის ჩათვლით სპექტაკლი კვირაში ერთი-ორჯერ გაიმართება. მომდევნო სეზონი 2018 წლის სექტემბერში გაიხსნება.