თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ეროვნულ პარკში ოფიციალურად გაიხსნა საბადურის ტყის ინფრასტრუქტურა, ნათქვამია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებაში.
პროექტის ფარგლებში, საბადურის ტყეში მოეწყო საპიკნიკე, საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილები. განთავსდა საინფორმაციო სტენდები.
„ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს თბილისის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას“, — აღნიშნულია განცხადებაში.
პროექტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ განახორციელა.
თბილისის ეროვნული პარკი საქართველოს პირველი ეროვნული პარკია. ის 1973 წელს შეიქმნა, თუმცა მოგვიანებით მან ეროვნული პარკის სტატუსი დაკარგა და 2007 წელს ყოფილი ეროვნული პარკის ნაწილისა და საგურამოს ნაკრძალის ბაზაზე აღდგა. პარკი ზღვის დინიდან 600-1700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ეროვნული პარკის ფართობი 21 ჰექტარს მოიცავს.
თბილისის ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურა თანდათანობით ვითარდება. 2013 წელს იქ პირველი ველობილიკი გაიხსნა. სულ ტერიტორიაზე სამი ველომარშრუტი მოეწყო.