თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილმა სახალხო არტისტ დიმა ჯაიანის ახლობლებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.
ჯაიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თბილისში მოქმედმა აფხაზეთის მთავრობამ გაავრცელა, რომელშიც ის 2013 წლიდან განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტს იკავებდა. ქართული მედიის ინფორმაციით, ჯაიანი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მსახიობის დიმა ჯაიანის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს და ერთგულ მაყურებელს. დიმა ჯაიანის ცხოვრება ორ უმნიშვნელოვანეს და უძვირფასესს — აფხაზეთსა და თეატრს უკავშირდებოდა და სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა მათ. ის იყო ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი, რომელსაც თან გაჰყვა ის დიდი ტკივილი, რასაც აფხაზეთი ჰქვია“, — წერს კვირიკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ჯაიანი 1950 წლის 20 აგვისტოში აფხაზეთში დაიბადა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება 1993 წლიდან ვერ აკონტროლებს.
1973 წელს დიმა ჯაიანმა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი კინომსახიობის სპეციალობით დაამთავრა. იმ დროიდან იყო ჩანბას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრის ქართული დასის მსახიობი.
1982 წელს ჯაიანი გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი გახდა, ხოლო 1992 წლიდან — მისი დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
2010 წლიდან საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის რაიონული თეატრების კოორდინატორი იყო.
დიმა ჯაიანი იყო საქართველოს სახალხო არტისიტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის, გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი.