თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მომსახურების სააგენტო დეკემბრის ბოლომდე მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ეს გადაწყვეტილება მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებთან მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო იქნა მიღებული.
„მომსახურების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობა იზრდება. 9 დეკემბრიდან მომსახურების სააგენტოს რუსთავისა და თბილისის ფილიალები იმუშავებენ ყოველდღე 09:30 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო 11 დეკემბრიდან რეგიონების ფილიალები, ასევე, გადავლენ საგანგებო რეჟიმზე და მოქალაქეებს მოემსახურებიან შაბათს 09:30 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო კვირას — 10:00 საათიდან 18:00 საათამდე“, — განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცენტრალური ბიუროს უფროსმა.
ავტომობილების მძღოლები 2006 წლის 1 აპრილამდე აღებული მართვის მოწმობებით 2018 წლის 1 იანვრამდე ისარგებლებენ. შსს-ს ცნობით, მძღოლებს მართვის მოწმობის განახლებისთვის გამოცდის ჩაბარება ხელახლა არ მოუწევთ. ამისათვის საჭიროა მძღოლებმა გადაიხადონ 15 ლარი და მომსახურების სააგენტოში წარმოადგინონ ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ცვლილება არ ეხება მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს.