„ლოგიკუმი“ – თამაშში შეძენილი ინტელექტუალური უნარები

© FB / Logicumლოგიკუმი
ლოგიკუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
23 წლის თინათინ ბლადაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრანტია. მან ქართულ ბაზარზე შექმნა სათამაშოები, რომელიც გართობასთან ერთად ხელს უწყობს ბავშვებში ლოგიკური აზროვნების განვითარებას

© FB / Tiko Bladadzeთიკო ბლადაძე
თიკო ბლადაძე - Sputnik საქართველო
თიკო ბლადაძე
როდის  გაგიჩნდათ  სათამაშოების შექმნის იდეა? 

იდეა 2016 წლის დეკემბერში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტ „დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად” ერთად გაჩნდა. თავიდან პროექტში მონაწილეობის მისაღებად მეგობრებთან ერთად არაერთი იდეით მივედით, თუმცა, მალე მივხვდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი პროფესიისა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება იყო.

რატომ გადაწყიტეთ ასეთი ტიპის სათამაშოების დამზადება?

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ძალიან ცოტა რესურსი გვაქვს განმავითარებელი და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების კუთხით, გადავწყვიტეთ თავად შეგვექმნა ისინი და გაგვეხადა ცხოვრება იმაზე უკეთესი, ვიდრე ის ახლაა. ამასთან, სათამაშოები მოვარგეთ როგორც შშმ პირებს ასევე ტიპური განვითარების მქონე ბავშვებს და ვთქვით, რომ ბარიერები არ არსებობს.

რამდენი სათამაშო გაქვთ შექმნილი? 

ამ დროისთვის 25–მდე სათამაშო გვაქვს შექმნილი და ქართულ რეალობას მორგებული. ჩვენი სათამაშოები იქმნება როგორც დანადგარების მეშვეობით, ისე ხელით. ჩვენი სურვილია, რომ მომხმარებლამდე ხარისხიანი და კარგი პროდუქტი მივიტანოთ. 

© FB / Logicumლოგიკუმი
ლოგიკუმი - Sputnik საქართველო
ლოგიკუმი

რის მიხედვით აარჩიეთ ისინი?

ყველა სათამაშო საჭიროებებიდან გამომდინარე შეიქმნა. ჩვენ ვსწავლობთ ბაზარს, რესურსებს და ყველაზე მეტად რაც უფრო გვჭირდება მომავალი თაობის განვითარებისათვის, იმას ვქმნით. გარდა ამისა, ვცდილობთ ქართულ რეალობას მოვარგოთ და ბავშვებისთვის სწავლის პროცესი უფრო მეტად სახალისო და საინტერესო გავხადოთ. 

სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?

ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია Facebook-გვერდზე, შეკვეთებით. ასევე „ლიბრას“, „სანტა ესპერანსას“,  „აგროჰაბის“,  „ჭიტას“ და „დისნეის“ მაღაზიათა ქსელში.

რატომ სახელწოდება „ლოგიკუმი“?

„ლოგიკუმი“ იმიტომ, რომ ეს ლოგიკურს ნიშნავს და ყველა ჩვენი სათამაშო ლოგიკური აზროვნების განვითარებასთანაა დაკავშირებული. სახელის შერჩევა შემთხვევითი არ ყოფილა, გარკვეულ მიზანს ემსახურება და გვინდა  მომხმარებლამდე მივიტანოთ ის მესიჯი, რომ სათამაშოებს განმავითარებელი მიზნები აქვს.

© FB / Logicumლოგიკუმი
ლოგიკუმი - Sputnik საქართველო
ლოგიკუმი

ყველაზე პოპულარული თამაში რომელია?

ყველა სათამაშოს თავისი სეგმენტი ჰყავს. ყველაზე უფრო მეტად გამოვარჩევდით ფაზლის ტიპის ანბანს, მათემატიკურ ბოქლომებს, კატეგორიზაციის თამაშებს.

რითია გამორჩეული თქვენი სათამაშოები სხვებისგან?

სხვებისგან განსხვავებით ჩვენი სათამაშოები კონკრეტული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეა ორიენტირებული, უსაფრთხოა, ფერადი და  ხელმისაწვდომი. გვაქვს სათამაშოები, რომელთა მიზანიც კოგნიტური უნარების, ვიზუალურ-სივრცითი აღქმის, მეტყველების პროცესების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. პროფესიიდან გამომდინარე ვმუშაობთ და ვქმნით საჭირო რესურსებს, რაც ვფიქრობთ, სათამაშოებს ეტყობა. გარდა ამისა, ისინი ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით მიღებული ფერადი პროდუქტია და მოგეხსენებათ, ბავშვებისათვის ეს ყურადღების მიმქცევი და საინტერესოა.

© FB / Logicumლოგიკუმი
ლოგიკუმი - Sputnik საქართველო
ლოგიკუმი

საზოგადოების მხრიდან როგორი გამოიხამურება მოჰყვა თქვენს იდეას?

პირველივე დღიდან ძალიან ბევრ ადამიანს სჯეროდა ჩვენი, რაც ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი სტიმული იყო, რათა გვემუშავა თავდაუზოგავად, გაგვეუმჯობესებინა  და დაგვეხვეწა პროდუქცია. წარმატებით ვყიდიდით გამოფენებზე პროდუქციას, გვქონდა არაერთი შეკვეთა და გამოხმაურება, რამაც კიდევ უფრო დაგვაჯერა იმაში, რომ სწორი მიმართულება ავიღეთ.

სათამაშოების დიზაინზე მოგვიყევით?

სათამაშოების დიზაინი ქართულია. ზოგიერთ შემთხვევაში ილუსტრაციებსაც თავად ვქმნით. არის არჩეული ფოტო-მასალაც, თუმცა, ვცდილობთ ჩვენი საავტორო სათამაშოები ჩვენი ქართული ილუსტრაციებით გაფორმდეს. 

სათამაშოებს ვინ ამზადებს?

ნახაზებს თავად ვქმნით და ვაწყობთ, თავად ვჭრით და ვამუშავებთ ხეს. ყველაფერს ჩვენით ვაკეთებთ.

© FB / Logicumლოგიკუმი
ლოგიკუმი - Sputnik საქართველო
ლოგიკუმი

ბავშვებს მოსწონთ? 

ბავშვების რეაქცია ყველაზე დიდი სტიმულია ჩვენთვის.. გვინახავს ერთი და იმავე სათამაშოს ბავშვები თავმიმდევრულად როგორ აწყობენ, შლიან და შემდეგ კვლავ თავიდან აწყობენ. და როდესაც ვხედავთ თუ როგორ გამოთქვამენ აღფრთოვანებას და უხარიათ, ჩვენთვის ამაზე დიდი მოტივაცია არაფერია. ჩვენ პატარების ოცნებებს ვასრულებთ და კიდევ უფრო მეტად ვუხალისებთ გარემოს. 

სამომავალოდ  კიდევ რის შეთავაზებას აპირებთ პატარებისთვის?

სამომავლოდ ვფიქრობთ ექსპორტზე, გვინდა შევქმნათ უფრო მეტი სათამაშო, რათა კიდევ უფრო ცნობადი გახდეს  ლოგიკუმის ხაზი ქართველი მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, ამ ეტაპზე საკმაოდ დიდ პროექტზე ვმუშაობთ, რაც იმედი გვაქვს გამოგვივა და რისი წყალობითაც ქართულ ბაზარზე დამატებით ძალიან მასშტაბური და საჭირო რესურსი გაჩნდება.  ჩვენ მაგალითი ვართ იმის, რომ მოტივაციას ყველაფერი შეუძლია.

 ძალიან რთულია თითოეული სათამაშოს შექმნა, ამაში ჩვენი გული და სული დევს. თითოეული სათამაშოს უკან ძალიან ბევრი გათენებული ღამე და თავდაუზოგავი შრომაა. მიუხედავად ამისა, გვინდა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ სათამაშოები. 

ნინი რაზმაძე

 

ყველა ახალი ამბავი
0