თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა ადიდებული რიონიდან 7 ადამიანი ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მდინარე რიონის ადიდების შედეგად წარმოქმნილ ხელოვნურ კუნძულზე შვიდი პირი ჩარჩა, რომლებიც ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.
აღნიშნული ფაქტის შესახებ შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო „112“-ში შევიდა შეტყობინება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე რეაგირება ოპერატიულად მოახდინეს. ვანის სამაშველო ჯგუფმა და იმერეთის ხანძრის ქრობისა და საავარიო სამაშველო სამუშაოების მართვის განყოფილების თანამშრომლებმა წყალზე სამაშველო ტექნიკის გამოყენებით, წარმატებით განხორციელეს სამაშვლო ღონისძიება“, — ნათქვამია განცხადებაში.
მაშველებმა განსაცდელში მყოფი შვიდივე პირი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.