ვიდეო ფრედი მერკურის რამდენიმე ყველაზე სოლიდურმა, უცხოენოვანმა ფან-გვერდმა გააზიარა, რომელსაც სოციალურ ქსელში უკვე მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
კაპელა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ შეიქმნა. როგორც თბილისის ბიჭუნათა კაპელის ხელმძღვანელმა და თბილისის ალოიზ მიზანდარის სახელობის ხელოვნების №1 სკოლის დირექტორმა, მაესტრო გელა ფარჩუკიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ეს კაპელა არის აღდგენილი ვარიანტი იმ დიდი კაპელისა, რომელიც მან დიდ მაესტროსთან, ბატონ ჯანსუღ კახიძესთან ერთად 18 წლის წინ ჩამოაყალიბა.
- ელოდით ბავშვების ასეთ წარმატებას?
— როცა კონკურსში იღებ მონაწილეობას, თუ წარმატებას არ ელოდები, მაშინ საერთოდ არ უნდა მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსში. თუმცა ეს ისეთი დემოკრატიული, სახალხო და შესაბამისად, არაპროგნოზირებადი კონკურსია, ძნელია გათვალო მისი შედეგები. იმდენად არაპროგნოზირებადია ხალხის დამოკიდებულება, რომ სავსებით შესაძლებელია, ძალიან ძლიერი ნომერი იყოს, მაგრამ ვერ გავიდეს ფინალში. მადლობა უფალს, რომ ეს ბავშვები მოხვდნენ ფინალში. მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, ვინც ერთი SMS მაინც გამოგვიგზავნა.
- როგორ შეიქმნა კაპელა და როგორ დაიწყო ყველაფერი?
— ეს კაპელა არის აღდგენილი ვარიანტი იმ დიდი კაპელისა, რომელიც მე, დიდ მაესტროსთან, ბატონ ჯანო კახიძესთან ერთად ჩამოვაყალიბე დაახლოებით 18 წლის წინ. მაესტროს გარდაცვალების შემდეგ დიდი რემონტი დაიწყო იმ შენობაში, რომელიც დიდხანს გაგრძელდა. სარეპეტიციო სივრცე აღარ გვქონდა და ამასობაში ეს ბავშვებიც წამოიზარდნენ. მთელი ამ წლების განმავლობაში სულ მქონდა ფიქრად, ნატვრად, ოცნებად, რომ კაპელა აღმედგინა. აგერ უკვე თითქმის ორი წელიწადია, რაც შემომთავაზეს პირველი მუსიკალური სკოლის დირექტორობა და მხოლოდ ერთი ნიშნით დავთანხმდი, რომ სკოლის ბაზაზე მომეხდინა კაპელის აღდგენა. წელიწადნახევრის წინ გადავდგით პირველი ნაბიჯები, პირველი ჩანასახი შარშან გაჩნდა და ფაქტობრივად, ჯერ ერთი წლისებიც არ ვართ. რეალურად წარმოუდგენლად პატარა დროა იმისთვის, რომ ამხელა კოლექტივი ასე თამამად გამოვიდეს აუდიტორიის წინაშე.
- ამ მოკლე პერიოდში ალბათ ძალია რთული გზა გაიარეთ…
— ვიღაცისთვის შეიძლება მარტივად ჩანს ყველაფერი, მაგრამ ასეთი კაპელა საკმაოდ თავმოყვარე ქვეყნებსაც კი არ ჰყავთ. მე არ ვგულისხმობ 15-20-კაციან კაპელას, კათოლიკურ ტაძრებში რომ გალობენ. ეს არის წარმოუდგენლად რთული საქმე. საჭიროა ამ დრო იყო ფანატიკოსი. ფანატიზმამდე თუ არ მიხვედი, ამ საქმეს ვერ გააკეთებ. ეს ისეთი ასაკია, როცა ძალიან სწრაფად ხდება მუტაცია. ამ დროს ყელში, ხმაზე ხდება გრანდიოზული გარდაქმნები, რევოლუციური ძვრები. შესაძლოა მაისის ბოლოს, ივნისში, სკოლა რომ მთავრდება, დაემშვიდობო ბავშვს, როგორც წკრიალა ხმის მქონეს, სექტემბერში კი უკვე მოვიდეს დაბოხებული ხმით. ის წკრიალა ხმა აღარ აქვთ, ამიტომ შენ მისი შემცვლელი უნდა ეძებო და თავიდან უნდა გაზარდო ის ბავშვი. ეს იმდენად რთული და „უმადური“ პროცესია, რომ ამაზე თავის მოკვლა არ უღირს ხალხს. როგორც გითხარით, ფანატიზმამდე უნდა გიყვარდეს, რომ ეს ყველაფერი შეძლო. მიმაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ვერც ეკონომიკურად, ვერც პოლიტიკურად ვერ დაიკვეხნის მსოფლიო ოჯახში თავის ავტორიტეტს, მთელი მსოფლიო ენაცვალოს საქართველოს მუსიკალურობაში. წარმოუდგენლად ნიჭიერია ქართველი ერი. ეს დალოცვილი მუსიკალურობა უფალს ალბათ თავისთვის ჰქონდა გადანახული და ჩვენ დაგვაბერტყა. ერს, რომელსაც აქვს მრავალჟამიერი, ჩაკრული, შენ ხარ ვენახი, ხასანბეგურა, იმსახურებს ჰყავდეს ბიჭუნათა განსხვავებული აკადემიური, კლასიკური კაპელა. ჩვენ ხაზს ვუსვამთ და ვადგავართ კლასიკის ხაზს. რაც ჩვენ შევასრულეთ „ნიჭიერის“ ნახევარფინალში, Bohemian Rhapsody არის პოპ-მუსიკის კლასიკა. ეს არის უპირობოდ კლასიკა და ჩვენ ვცდილობთ მას დავეწაფოთ.
- როგორ ხდება ამ ბავშვების შერჩევა?
— ჩვეულებრივად, ტრადიციული მეთოდებით: სმენა, რიტმი და აზროვნების სისწრაფე. დღეს ამ ბავშვებზე არა მარტო მთელი საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. Queen-ების ფანკლუბმა ატვირთა თავის გვერდზე მათი ვიდეო და უკვე მილიონზე მეტი ნახვა აქვს. სხვა ბევრმა უცხოურმა გვერდმაც გააზიარა მათი ვიდეო. ფრედი მერკურიმ ეს სიმღერა თავისთვის შექმნა. მუსიკაც თავისი იყო, არანჟირებაც, ტექსტიც და რაოდენ უხეშადაც არ უნდა ჟღერდეს, ცოტა თავხედი უნდა იყო, რომ მისი ეს სიმღერა შეასრულო, რა თქმა უნდა, თუ მართლა ძალიან მაგარი არ ხარ. საქართველოში ასეთი მაგარი არავინ მეგულება. მე ავდექი და გუნდისთვის გადავამუშავე, ანუ გუნდისთვის გაკეთდა ეს. სწორედ ახლახან ვკითხულობდი, ერთ-ერთ ინგლისურ საიტზე წერდნენ, ფრედი მერკური რომ გაცოცხლდეს, სწორედ ამ ვერსიას შეასრულებდა თავიდანო.
- რთული არ არის 83 ბავშვის მართვა?
— რთული კი არა, წარმოუდგენლად რთულია. წარმოიდგინეთ, ხშირად მშობლებს 3 და 4 შვილის მოვლა უჭირთ, მითუმეტეს, როცა გარდატეხის ასაკი აქვთ. თქვენ გგონიათ გოგოები ნაკლები „ხულიგნები“ არიან? ამიტომ ცოტა ზღვარს გადაცილებული სიმკაცრეც კი სჭირდებათ. მაგრამ ეს არ არის უხეშობისა და დამცირების ხარჯზე. სხვაგვარად კოლექტიური აზროვნება წარმოუდგენლად ძნელია. მათ სჭირდებათ „გასამხედროებული“ მუშაობა, სხვაგვარად წარმოუდგენელია. ეს ერთგვარად მეორე ოჯახია. ბავშვებს ეშინიათ ჩემი, არა იმიტომ, რომ რამე მორალური, ეკონომიკური სასჯელი ექნებათ, მათ ეშინიათ უკაპელობის, ანუ კაპელის მიღმა რომ არ დარჩნენ. ჩემთან აკრძალულია ქუჩური აზროვნება, ქუჩური ტერმინოლოგია, ზედმეტსახელები. მხოლოდ მე თუ მოვეფერები ზედმეტსახელით. მაგალითად, ვიღაცას მძინარას ვეძახი, რადგან სულ თავი აქვს ჩაწეული, ვიღაცას დიდი თმა აქვს ყვავის ბუდესავით და ბუდეს ვეძახი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვამაც დაუძახოს ეს სახელი. მათ არ აკლიათ გაღიმება, მოფერება, მაგრამ, ამავე დროს, არ აკლიათ წესრიგი, რომელიც გამოადგებათ შემდეგ ცხოვრებაშიც. მინდა, რომ მათ, პირველ რიგში, იგრძნონ პასუხისმგებლობა.
- როგორი დატვირთვით ემზადებით ფინალისთვის?
— ნახევარფინალის შემდეგ ვუთხარი, რომ ორი დღე დავისვენებდით და შეიცხადეს, რა არის ამდენი დასვენებაო. დღეს ვიწყებთ უკვე რეპეტიციას და ეს არის მათთვის წარმოუდგენლად დიდი სიხარული. ამ კვირაში სამი რეპეტიცია გვაქვს დაგეგმილი, მაგრამ იქითა კვირიდან ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება რეპეტიციები.
- რა ოცნებები და გეგმები აქვს კაპელას?
— სამომავლოდ ველოდებით ღვთის წყალობას და თქვენნაირი კარგი ხალხისგან გაპიარებას, რაც მოიტანს იმას, რომ ბავშვებს ექნებათ ბევრი მიწვევა, ჯერჯერობით სამშობლოში, რადგან საზღვარგარეთ ცოტა ძნელი იქნება 83 ბავშვის გადაფრენა. მე ველოდები იმ დროს, როცა საქართველოს მთავრობა მოიცლის ხელოვნებისთვის. შესაძლო,ა საქართველომ ვერასდროს გაუწიოს კონკურენცია სამსუნგს, ტოშიბას, მერსედესსა და სხვა ბრენდებს, ვერც ისრაელისა და ამერიკის სამხედროს, მაგრამ მთელი მსოფლიო ვერ გაუწევს საქართველოს მუსიკალურ კონკურენციას, მითუმეტეს — ფოლკლორში.