„მიხეილ სააკაშვილს ადრე 2%-იანი რეიტინგი ჰქონდა, ასეთი ფორმით დაკავების შემდეგ კი ის ბევრად გაეზრდება. მიუხედავად იმისა, რომ მან „გადმოვხტები-არგადმოვხტების“ მოტივებზე რაღაც სპექტაკლი გაითამაშა, მაინც ვთვლი, რომ მისი დაკავება უკრაინის ხელისუფლების შეცდომა იყო. შეეძლოთ უბრალოდ გაეძევებინათ ქვეყნიდან“, — განუცხადა მამუკა არეშიძემ „Sputnik–საქართველოს“.
სააკაშვილი კიევში, დროებით საცხოვრებელ სახლში დღეს დააკავეს ხმაურიანი აქციის ფონზე, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს. ავტომობილი, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, მისი მომხრეების მიერ არის ბლოკირებული. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე სააკაშვილი სახლის სახურავზე ავიდა და მომხრეებს იქიდან მიმართა. ამასთან, სპეცრაზმის წევრები, ჩხრეკის ჩატარების მიზნით, მისი ბინის კარის შემტვრევას ცდილობდნენ.
უკრაინული მასმედიის ინფორმაციით, სააკაშვილს ბრალი წარედგინება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.