თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ გამოითხოვა პარლამენტიდან ცვლილებეთა პაკეტი კანონში „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, რომელიც დაზვერვის სამსახურის გაუქმებას და მისი ფუნქციების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემას გულისხმობს.
კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში იმ კანონპროექტთა შორის დაარეგისტრირა, რომლებიც მინისტრთა კაბინეტის რეფორმირებას ითვალისწინებს. კომიტეტების ნაწილმა ეს კანონპროექტი მოიწონა, ამავე დროს მან ოპოზიციისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელთა ნაწილის პროტესტი გამოიწვია.
„დღეს მივმართეთ ბიუროს და გამოთხოვილ იქნა ის კანონები, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სამსახურის გაერთიანებას. მიმდინარეობდა კონსულტაციები, როპგორც მთავრობის შიგნით, ასევე პარლამენტთან, და მიღებულ იქნა მსგავსი გადაწყვეტილება“, — განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ „საზოგადეობრივი მაუწყებლის“ პირველი არხის ეთერში.
მთავრობის საპარლამენტო მდივანს არ განუმარტავს, რატომ არის მიღებული ეს გადაწყვეტილება. ამასთან, გასულ შაბათს მთავრობის წევრებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილვის ძირითად თემას მინისტრთა კაბინეტის რეფორმის შესახებ კანონპროექტთა პაკეტი წარმოადგენდა.
კანონპროექტისადმი გამოთქმული ძირითადი პრეტენზიები უკავშირდება იმას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, საწარმოებსა და კერძო ორგანიზაციებში ფარულად მუშაობის უფლებამოსილება გაუჩნდებოდათ.
მიუხედავად მთავრობის დაპირებისა დაემატოს მითითება, რომლის მიხედვით მსგავსი სამუშაოს ნებართვა მხოლოდ დაზვერვის თანამშრომლებს ექნებოდათ, ოპოზიციამ და წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩათვალეს, რომ ხელისუფლებას ამ ხერხით სახელმწიფო და კერძო სექტორზე კონტროლის მოპოვება სურდა.
საქართველოს დაზვერვის სამსახური დამოუკიდებელი უწყება 1997 წლის 19 სექტემბერს გახდა — ეს დღე ოფიციალურად მზვერავის დღედ გამოცხადდა. 2004 წელს ეს სამსახური შსს-ს დაქვემდებარებაში დაბრუნდა, რამდენიმე თვეში კი, 2005 წლის 24 იანვარს კვლავ დამოუკიდებელი უწყება გახდა.
2013 წლის 20 სექტემბრიდან საქართველოს დაზვერვის სამსახური პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების უწყებას წარმოადგენს.