თბილისში საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება

© Sputnik / Alexander Imedashviliკინოთეატრი „რუსთაველი"
კინოთეატრი „რუსთაველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალს გახსნის ილდიკო ენიედის „სხეულისა და სულის შესახებ", ხოლო დახურავს ზაზა ხალვაშის „ნამე"

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 4-10 დეკემბერს უკვე მეთვრამეტედ ჩატარდება.

წელს „ოქროს პრომეთესა" (საუკეთესო ფილმისთვის) და „ვერცხლის პრომეთესთვის" (საუკეთესო რეჟისურისთვის) იბრძოლებს ქართველი, ევროპელი და ახლო აღმოსავლელი რეჟისორების ათი ფილმი.

კონკურსში მონაწილეობს ანა ურუშაძის „საშიში დედა", კარლა სიმონ პილოს „ზაფხული 1993" (ესპანეთი), მათან იაირის „ხარაჩოები" (ისრაელი, პოლონეთი), ვისა კოისო-კანტილას „ვარსკვლავბიჭუნები" (ფინეთი, შვედეთი), იენს ასურის „ყორნები" (შვედეთი), პედრო კაბალეირას „წყეული ზაფხული" (პორტუგალია), მილად ალამის „არშიყი" (დანია, შვედეთი, საფრანგეთი) და სხვა.

ფესტივალი, ტრადიციულად, წარმოადგენს საერთაშორისო და ეროვნულ კონკურსებს, ასევე სექციებს: „ქართული პანორამა", „ჰორიზონტები",„"ევროპული კინოს ფორუმი", „სპეციალური სეანსები", „ფრანგული კოლექცია", „აპოლო: გერმანული კინოს მეხსიერება" და სხვა.

სექციაში „ქართული ფილმი" წარმოდგენილი იქნება მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები, მათ შორის ელდარ შენგელაიას „სავარძელი", ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გრასის „ჩემი ბედნიერი ოჯახი", გიორგი ოვაშვილის „ხიბულა" და სხვა.

სექცია „ჰორიზონტები" წარმოადგენს აზიელი, ჩრდილოაფრიკელი, ჩრდილო და სამხრეთამერიკელი რეჟისორების ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნილ ფილმებს. მათ შორისაა „უკვდავი სამურაის ხმალი", „სექსი დურგა", „ჟოაკიმი" და სხვა.

კატეგორია "სპეციალური სეანსები" წარმოადგენს სამ სურათს: „დიდი მწვანე ველი", „შორს" და „სევდის ანგელოზები".

სექციაში „ევროპული კინოს ფორუმი" აჩვენებენ ევროპელი რეჟისორების ბოლო ორი წლის განმავლობაში გადაღებულ ფილმებს; მათ შორისაა „შენი სახელი დამიძახე", „არითმია", „თვინიერი" და სხვა.

სექციის „აპოლო: გერმანული კინოს მეხსიერება" პროგრამაშია გერმანული კინემატოგრაფის რვა საკულტო ფილმი. პროექტი საქართველოსა და გერმანიის საიუბილეო წელთან დაკავშირებით ხორციელდება.

„ქვეყანა ფოკუსში" წელს უნგრეთია — ფესტივალის ფარგლებში აჩვენებენ უნგრელი რეჟისორების 14 სრულ და მოკლემეტრაჟიან ფილმს.

კინოჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანსა" და „რუსთაველში".

კინოფესტივალს ატარებს კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, ასევე თბილისის მერიის მხარდაჭერით.

 

ყველა ახალი ამბავი
0