თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში 17 წლის მოზარდის მკვლელობის მიზეზი, შესაძლოა, მობილური ტელეფონის გამო მომხდარი კამათი გახდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi) დაღუპულის ნათესავებზე დაყრდნობით.
მკვლელობა შაბათ საღამოს მოხდა. ბრალდებული უკვე დაკავებულია. ეს არის 18 წლის ახალგაზრდა, რომელიც დაღუპულის თანაკლასელი აღმოჩნდა. შსს-ს მონაცემებით, ბრალდებულმა მსხვერპლს მკერდის არეში დანა ჩაარტყა.
„კლასელები იყვნენ და კამათობდნენ ხოლმე ხშირად. გუშინ კამათი მოსვლიათ ტელეფონის თაობაზე და საღამოს წაიყვანეს მეზობელმა ბიჭებმა, წაიყვანეს მოცილებით, ასე 2 კილომეტრით, დასალაპარაკებლად, ანუ შესათანხმებლად. ეგრევე ჩაურტყია დანა გულის არეში და იქვე დამთავრდა ყველაფერი“, — განაცხადა დაღუპულის ბიცოლამ თეა ჯულაყიძემ.
ნათესავების თქმით, სისხლიანი გარჩევა სოფლის სასაფლაოსთან მოხდა. ბრალდებულმა 17 წლის მოზარდის ცხედარი მიატოვა და მიიმალა. ცხედარი გამვლელმა აღმოაჩინა.
მოკლულის ნათესავები მკვლელობაში ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვენ.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა“), რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ითვალისწინებს.