თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეების 1500-კაციანი მარში კიევის ცენტრში ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, იუწყება РИА Новости კიევის პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„სამართალდამცველები ესკორტირებას უწევენ მარშს, რომელშიც მონაწილეობას, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 1500 ადამიანი იღებს. წესრიგს იცავს დაახლოებით 1200 ადამიანი: ღონისძიება მშვიდად მიმდინარეობს“, — ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული მარში კიევის ცენტრში კვირას დაიწყო.
რადის შენობასთან კიევში 17 ოქტომრიდან უვადო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები მოითხოვენ დეპუტატთა ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო რეფორმის გატარებასა და ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ კანონის შექმნას. თავდაპირველად აქციის თანაორგანიზატორები სხვადასხვა პოლიტიკური ძალები იყვნენ, მათ შორის სააკაშვილის „ახალი ძალების მოძრაობა“. მიტინგების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ მონაწილეთა უმრავლესობამ საპროტესტო აქციიდან გასვლის შესახებ განაცხადა.
აქციას აქტიურად უჭერს მხარს მხოლოდ სააკაშვილის პარტია, თავად პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ კარვების ქალაქში დასახლდა, რომელიც აქტივისტებმა პარლამენტის შენობის წინ დადგეს. მან ასევე განაცხადა, რომ 13 ნოემბერიდან კარვების ქალაქი გაფართოვდებოდა და ერთგვარი „საცდელი ბანაკი“ გახდებოდა, სადაც ადამიანები „მშვიდობიანი დემოკრატიული ბრძოლის მეთოდებს“ შეისწავლიდნენ.