შემდეგ კი პატარების გაცისკროვნებული თვალები და ჟრიამული გითბობს სულს და შენც ბედნიერებით ივსები, რომ იმ სოციალური წამოწყების ნაწილი ხარ, რომლის შესახებაც პროექტის კოორდინატორი მარიკა ქურდაძე გვესაუბრება.
— როდის და საიდან გაჩნდა იდეა „გააჩუქე სათამაშო“?
— იდეა გასულ წელს დამებადა, როდესაც სამსახურებრივი ვიზიტით ვიმყოფებოდი გორის რაიონში, სოფელ ბერბუკის საბავშვო ბაღში. მახსოვს, მაშინ იმ ოთახში შევედით, სადაც ბავშვები თამაშობენ ხოლმე. იქაურობა ჭრელი კედლებით და უამრავი ფერადი ნამუშევრით იყო სავსე, მაგრამ ოთახის კუთხეში მდგარი სათამაშოების თარო სულ ცარიელი გახლდათ. მხოლოდ ერთი დათუნია და რამდენიმე რბილი სათამაშოღა იყო შემორჩენილი. ბაღის აღმზრდელებმა საუბრისას აღნიშნეს, რომ სათამშოების დიდ დეფიციტს განიცდიან. როდესაც ბაღი აშენდა, მაშინ შეიძინეს ახალი წიგნები და სათამაშოებიც, თუმცა, დროთა განმავლობაში ისინი დაიმტვრა, და გამოუსადეგარი გახდა. სწორედ მაშინ დავფიქრდი, ჩვენ, როგორც მოქალაქეებს, როგორ შეგვეძლო დავხმარებოდით მსგავსი საჭიროების მქონე დაწერებულებებს და თავად ბავშვებს. გამახსენდა, რომ ძალიან ბევრ ჩვენგანს გვაქვს სათამაშო სახლში, ბავშვობისდროინდელი ან თუნდაც ახალი, რომელსაც აღარ ვიყენებთ. მათ საკუჭნაოს თაროზე ვინახავთ, ყუთებში ვაწყობთ ან კარადის თავზე ვალაგებთ მაშინ, როცა საქართველოში ძალიან ბევრი ბავშვია, ვისაც, უბრალოდ, არ აქვს არათუ ახალი, არამედ ძველი სათამაშოც კი. ამიტომ დავფიქრდი, როგორ შეიძლებოდა ამ ორი ელემენტის გაერთიანება ისე, რომ სარგებელი მოეტანა საზოგადოებსითვის. ბევრს სათამაშო და ზოგადად, თამაშის როლი, შესაძლოა, წვრილმან საკითხად მოეჩვენოს, მაგრამ არაერთი კვლევა მოწმობს, რომ ბავშვის კოგნიტური, ემოციური და მოტორული განვითარებისთვის თამაშის პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე გამიჩნდა იდეა, რომ თბილისის მასშტაბით დაგვედგა სათამაშოების შესაგროვებელი ყუთები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიტანოს და დატოვოს სათამაშო, რომელიც მოგვიანებით გადაეცემათ მუნიციპალურ ბაღებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
— რამდენი ხანია, რაც ეს პროექტი არსებობს?
— ეს პროექტი უკვე ოთხი თვეა არსებობს და ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით ხორციელდება. იდეა პლატფორმა „ორბელიანის“ დახმარებით განვახორციელეთ, რომელიც საქართველოში პოზიტიური ცვლილებებისკენ მიმართულ არაერთ იდეას აფინანსსებს და სწორედ მათი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ყუთების დამზადება და ლოკაციებზე განთავსება.
— სად განათავსეთ ყუთები და რის მიხედვით აარჩიეთ ადგილები?
— ყუთები ამჟამად განთავსებულია თბილისის წიგნის მაღაზიებში, კომერციულ ცენტრებსა და კაფეებში. ჯერჯერობით მხოლოდ ოთხი ლოკაცია გვაქვს, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მოხერხდება დამატებითი სახსრების მოძიება, რათა მეტი ყუთი დავამზადოთ და განვათავსოთ სხვადასხვა ტერიტორიაზე. ჩვენს ყუთებს შეხვდებით „ბიბლუსის“ გალერეებში. ერთი ყუთი სულ ახლახან „მზიურის“ კაფეში განვათავსეთ.
— საიდან გაჩნდა სახელი „გააჩუქე სათამაშო“?
— სახელწოდების ჩანაფიქრი მარტივი და ყველაფრისმთქმელია. პროექტის იდეა სათამაშოს გაჩუქებაში მდგომარეობს, ამიტომაც ჩვენ საზოგადოებას ის სახელი შევთავაზეთ, რასაც ადამიანები ადვილად დაიმახსოვრებდნენ და მარტივად გაიგებდნენ. ამასთან, სიტყვა გააჩუქე, გაზიარებასთან და უანგარო სიხარულთან ასოცირდება. აქედან გამომდინარე, სწორედ „გააჩუქე“ არის ჩვენი პროექტის მთავარი სიტყვა.
— მხოლოდ სათამაშოებს აგროვებთ?
— სათამაშოებთან ერთად ვაგროვებთ საბავშვო წიგნებსა და საკანცელარიო ნივთებს, თუმცა, ძირითადად მაინც სათამაშოებზეა გათვლილი ყუთები. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სათამაშოები, რომლებსაც ვაგროვებთ, უნდა იყოს ბავშვებისთვის უსაფრთხო, არ უნდა იყოს მსხვრევადი. ასევე, გაჩუქებისას მნიშვნელოვნია გავითვალისწინოთ, რომ სათამაშო არ უნდა იყოს დაზიანებული (მაგ. დახეული, დახვრეტილი), ან აკლდეს მნიშვნელოვანი ნაწილი (მაგ. მანქანა სამართავი პულტის გარეშე).
— თუ გქონდათ სხვა იდეები და ბოლოს მასზე რატომ შეჩერდით?
— თავიდან სხვა იდეებიც არსებობდა, თუმცა, „გააჩუქე სათამაშო“ სწორედ ის წამოწყებაა, რომელშიც ბევრი ადამინიანი სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას. იგი ფერადი, კეთილი და უანგარო იდეაა, რომელიც დახმარებაზე, გაზიარებაზე, სიხარულსა და ალტრუიზმზეა დაფუძნებული. ადამიანებმა მხოლოდ უნდა მოიტანონ ის სათამაშოები, რომლებიც აღარ სჭირდებათ და ამით უზომო სიხარული მოუტანონ სხვა ბავშვებს. ეს იდეა სწორედ ამიტომაა საინტერესო, რომ მას ამბიციური მისიის — საქართველოში ყველა ბავშვს ჰქონდეს სათამაშო — რეალობად ქცევა შეუძლია.
— როგორ დაიწყეთ თავიდან, რამე სირთულეები თუ შეგხვდათ…
— პლატფორმა „ორბელიანის“ დახმარებით დავამზადეთ ყუთები, გავაფორმეთ ჭრელი და ფერადი აქსესუარებით, რომელიც გარეგნულადაც მიუთითებს, რომ ეს საქმე ბავშვებს ეხება. პირველ ეტაპზე გამოწვევა იყო პარტნიორების მოძიება, რომლებიც თავის ტერიტორიაზე განათავსებდნენ ყუთებს. არაერთი მოლაპარაკების შემდეგ, „ბიბლუსმა“ გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი, ასევე ჩაერთო „თბილი მოლიც“ და კაფე „მზიური“, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ მასპინძლობენ ჩვენს ყუთებს.
— ბენეფიციარებს როგორ ეძებთ?
— თავდაპირველად წინასწარ შევარჩიეთ ბაღები და ოჯახები, რომელებიც მიიღებდნენ სათამაშოებს, თუმცა, ამჟამად ბაღები თავად გვიკავშირდებიან და თავიანთ საჭიროებებს გვაცნობენ. გურიიდან და კახეთიდან უკვე არაერთი დაწესებულება გამოგვეხმაურა, რომელთაც სურვილი აქვთ მიიღონ გაჩუქებული სათამაშები. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მოვუწოდებ ბაღის წარმომადგენლებს, რომლებსაც სათამაშოები სჭირდებათ, დაგვიკავშირდნენ, ჩვენ კი აუცილებლად დავუკავშრდებით.
— საზოგადოების მხრიდან როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს იდეას?
— იდეას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ხალხმა სწრაფად შეიყვარა და აიტაცა „გააჩუქე სათამაშოს“ იდეა. ძალინა ბევრი გულშემატკივარი გვწერს და გვამხნევებს. ხშირად გვეკითხებიან, როგორი სათამშოები იქნება ყველაზე გამოსადეგი ბავშვებისთვის, ამრიგად, მუდმივ ინტერაქციაში ვართ ჩვენს გამჩუქებლებთან.
— ხალხის მხრიდან ამხელა აქტიურობის იმედი გქონდათ?
— თავდაპირველად ცოტა გვეშინოდა, რომ ვერ შევაგროვებდით საკმარის რაოდენობას, თუმცა, მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში 400-მდე სათამაშოს შეგროვება მოვახერხეთ, რაც, დამეთანხმებით, დიდი მიღწევაა. ვფიქრობ, იდეა კვლავაც შეინარჩუნებს ამ ტემპს.
— პირველი პოსტი და პირველი გამოხმაურება რომ გაიხსენოთ…
— პირველ პოსტს დიდი გამოხმაურება და გაზიარება მოჰყვა. ადამიანები წერდნენ, რომ კარგი იდეაა, საჭირო წამოწყებაა და წარმატებებს გვისურვებდნენ. ჩემთვისაც, როგორც მოხალისისთვის, დიდი მოტივაცია და მუხტი იყო ამხელა რეზონანსი. რადგან სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ხალხი ამ იდეას მთელი გულით შეიყვარებდა.
— რა ფორმით ხდება საჩუქრების გადაცემა?
— მას შემდეგ, რაც სათამაშოები მოგროვდება, ჩვენი მოხალისეების დახმარებით, რომლებსაც „სათამაშოს ოსტატებს“ ვუწოდებთ, სათამაშოები შესაგროვებელ პუნქტში მოგვაქვს, სადაც ხდება მათი გადარჩევა და შემოწმება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ უსაფრთხოების ზომები დაცულია. შემდეგ, რბილი სათამაშოები მიგვქვს ქიმწმენდაში, სადაც ჩვენი მეგობარი კომპანია Lavasecco სრულიად უსასყიდლოდ რეცხავს და ამუშავებს სათამაშებს სპეციალური ხსნარის გამოყენებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჰიგიენის ნორმები დაცულია. ამის შემდეგ, ხდება სათამაშოების გადანაწილება და გადაცემა. პირველად სათამაშოები ბერბუკის საბავშვო ბაღს გადავეცით, სადაც ჩავედით ჩვენს მოხალისეებთან ერთად და დავურიგეთ ბავშვებს გაჩუქებული სათამაშოები.
— სათამაშოებს გადაცემის პროცესში უშუალოდ ის ადამიანები თუ არიან ჩართული, ვინც ამ პროექტში იღებს მონაწილეობას?
— ჯერჯერობით ასეთი შემთხვევა არ გვქონია, თუმცა, საინტერესოა ის ფაქტი, რომ მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ ჩვენს გამჩუქებლებს ინფორმაცია მივაწოდოთ. ყველას აინტერესებს, სად წავა მათი სათამაშოები, ამიტომ პერიოდულად ვაქვეყნებთ ფოტოებს და ვაგზავნით კვარტალურ წერილებს, სადაც ჩვენს ისტორიებს ვყვებით.
— ალბათ, ყველაზე სასიამოვნო მომენტი ბავშვებისთვის სათამაშოების გადაცემაა. ბავშვების ემოციები როგორია ამ დროს?
— ნამდვილად! ეს არის ფასდაუდებელი ემოცია. წარმოიდგინეთ, მათ პატარა გულებს სწორედ ეს პატარა ნივთი ახარებს. ძალიან ბევრი ეხუტება და სახელს არქმევს უკვე გადაცემულ დათუნიას ან კურდღელს. ბევრი პაზლის აწყობას იწყებს და ყველაფერი ავიწყდება გარშემო, ზოგი კი პატარა კუთხეს პოულობს და მაშინვე თამაშს იწყებს. მათი ღიმილი, სიხარული და ჟრიამული არის პასუხი იმ შრომაზე, რომელსაც ჩვენ ვეწევით.
— ბავშვები განსაკუთრებით ელოდებიან ახალ წელს. საახალწლოდ თუ გაქვთ რამე განსაკუთრებული სამზადისი ბავშვებისთვის?
— სამომავლოდ ვგეგმავთ უფრო მეტი ლოკაციის და ყუთის დამატებას, გვინდა, რაც შეიძლება მეტი კომპანია და პარტნიორი, მოხალისე ჩავრთოთ ამ პროცესში. ახალი წლისთვის და ბავშვთა საერთაშორისო დღისთვის ვგეგმავთ ინდივიდუალური სასაჩუქრე სათამაშოების მომზადებას, რომლებიც რეგიონებში ბავშვების გულებს კვლავაც გაახარებს.
ნინი რაზმაძე