„საუბარია იმაზე, რომ გაყიდვა, გასაღება, გადაცემა რჩება დასჯადი, უბრალოდ, პირადი მოხმარების მიზნით და დადგენილი რაოდენობის აღმოჩენის შემთხვევაში აღარ იქნება ნასამართლეობა სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. იქნება მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი“, — განაცხადა აკაკი ზოიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ნოემბერს მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ცალკე აღებული მარიხუანის მოხმარების ფაქტი, აღნიშნული ქმედების ბუნებიდან გამომდინარე, ნაკლები საფრთხის შემცველია საჯარო ინტერესისთვის, რადგან ამ დროს მცირეა ნარკოტიკული საშუალების გავრცელების შესაძლებლობა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას წინ უძღვის მისი შეძენა ან/და დამზადება, სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარების აკრძალვა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯს, თუმცა სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება იმ მიზნით, რომ პირმა არ დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა, წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან.