თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განკარგულებით მას უახლოეს დღეებში დააპატიმრებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-Украина.
უფრო ადრე სააკაშვილი, რომელიც კიევში საპროტესტო მოძრაობას უწევს ორგანიზებას, აცხადებდა, რომ გახდება უკრაინის პრემიერ-მინისტრი და „უკრაინის ეკონომიკას ქურდებისა და ოლიგარქებისგან გაწმენდს".
„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ საბოლოოდ გადაკვეთა "წითელი ხაზი" და გასცა ჩემი დაპატიმრების განკარგულება უკრაინაში შეთხზული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და ოდესიდან შეთხზული საქმის გამო", — განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, პოროშენკომ ეს საქმე პროკურორ იური ლუცენკოსა და უკრაინის უშიშროების სამსახურს დაავალა.
„მათ ჩემი დაკავების, იზოლაციის, ნეიტრალიზების გეგმა შემდეგ 2-3 დღეში, 3 დეკემბრის მარშამდე უნდა განახორციელონ", — ამტკიცებს სააკაშვილი.
პოლიტიკოსი ასევე ამტკიცებს, რომ მის დაპატიმრებამდე თითქოსდა მისი ხმით ფალსიფიცირებული აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება იგეგმება.
ბოლო თვეების განმავლობაში სააკაშვილი კიევში აქტიურ ორგანიზებას უწევს საპროტესტო მოძრაობას, სადაც სხვადასხვა მოთხოვნებს აყენებენ, კერძოდ: გაუქმდეს სადეპუტატო იმუნიტეტი, შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა, შეიქმნას ანტიკორუფციული სასამართლო. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის მონაწილენი პეტრო პოროშენკოსა და მთლიანად ხელისუფლების „სახალხო იმპიჩმენტის" დაწყებით იმუქრებიან.