თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ნიდერლანდების ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის საკმაოდ პერსპექტიულია, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მოხმარების საერთაშორისო ტენდენციებსა და სტატისტიკაზე დაყრდნობით.
„ჰოლანდიელი პროფესიონალები დაინტერესებულნი არიან ქართული ღვინოებით, რის საფუძველზეც, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს ხელშეკრულება გააფორმა ღვინის იმპორტიორ კომპანიასთან „Saperavi Wine Agency", რომელიც ნიდერლანდებში ქართული ღვინის იმპორტს ახორციელებს და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას მართავს."- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ რეისვეიკში (Rijswijk) გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე „Wine Weekend" სპეციალური სტენდი „Taste of Georgia" მოეწყო, სადაც ქართული ღვინოები იყო წარმოდგენილი.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორი პრეზენტაცია-სემინარი — „ქარვისფერი ღვინოები საქართველოდან", რომელსაც ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ. დეგუსტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Saperavi Wine Agency"-ის დირექტორი ბერნარდ ნაუტა უძღვებოდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სემინარზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანიის 12 სახეობის ღვინო. ეს კომპანიებია „კონჭო და კომპანი", „თბილღვინო", „ფაფარი ველი", „ბაგრატიონი 1882", „ბექა გოცაძის საგვარეულო მარანი" და „თელავის ღვინის მარანი".
„WineWeekend" ნიდერლანდებში ითვლება ყველაზე მასშტაბურ ღვინის სადეგუსტაციო ღონისძიებად, სადაც მიმდინარე წელს 50-მდე კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 2017 წლის 10 თვეში საქართველოდან ნიდერლანდებში ექსპორტზე 45 990 ათასი ბოთლი ღვინო გავიდაა.