თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში 39 831 ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა ისაუბრა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“.
გელაშვილის თქმით, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წელს ხანძარი 14 614-ჯერ გაჩნდა, 2016 წელს 10 951 ხანძარი იყო, ხოლო მიმდინარე წელს – 14 266.
ჩინოვნიკის თქმით, ყველა ობიექტი არ ექვემდებარება სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე შემოწმებას.
„თუ სასტუმრო ნაგებობას 100-ზე ნაკლები ნომერი გააჩნია, ის ზედამხედველობას არ ექვემდებარება. ასევე, თუ მრავალფუნქციურ შენობაში არ შედის რესტორანი და მასთან ერთად, მაგალითად, საკონფერენციო დარბაზი, შემოწმებას არც ასეთი რესტორანი ექვემდებარება", – განაცხადა გელაშვილმა.
საზოგადოებრივი ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.
შოთა ნოზაძე