თბილისი, 29 ნოემბერი —Sputnik. დღეს თბილისის მოსახლეობამ ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებული ძეგლების უმეტესობა სამედიცინო პირბადეებში იხილა.
რა მიზანს ისახავს აღნიშნული აქცია, ან ვინ არიან მისი ორგანიზატორები, ამ დროისთვის უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, აქციის ორგანიტაზორებს ამ ქმედებით ქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე სურთ ყურადღების გამახვილება.
როგორც „Sputnik-საქართველოს“ თბილისის მერიაში აცნობეს, ქალაქის მთავრობა არა არის აღნიშნული პროექტის ორგანიზატორი და არც აქვთ ინფორმაცია, ვინ ახორციელებს აქციას.
ძეგლებს პირბადეები გუშინ გვიან ღამით გაუკეთეს.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს ოთხ ქალაქშია დაფიქსირებული.
ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში დაფიქსირდა. სააგენტოს მონაცემებით, მაღალ დაბინძურებას, სავარაუდოდ, ავტომობილების გამონაბოლქვი იწვევს
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს გამოკვლევების მიხედვით კი, რომელიც THE FINANCIAL-ში დაიბეჭდა, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში იმ ქვეყნებს შორის, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ადამიანთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელია.
ხატია გიგოლაშვილი