თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ნარჩენების გატანა თბილისში ღამის საათებში უნდა მოხდეს, რათა ტრანსპორტის მოძრაობას შეფერხება არ შეექმნას, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, ორი კვირის ვადაში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გეგმის შემუშავება დაავალა. კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელია თბილისის მერია. კომპანია ქალაქის დასუფთავებას ახორციელებს.
„ვიცი, რომ ნარჩენების გატანა დილისა და დღის საათებში ხდება, რომელიც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. მოქალაქეების დახმარება თუ დაგვჭირდება, ამის მზაობა არსებობს. ძალიან ბევრი წერილი შემოდის. ამიტომ, საზოგადოების მხრიდან თანადგომა იქნება“, — განაცხადა კახა კალაძემ.
დღეისათვის თბილისს ქალაქის დასუფთავებისთვის განკუთვნილი 290 ერთეული სპეცტექნიკა ემსახურება.
გარდა ამისა, „თბილსერვის ჯგუფმა“ 2017 წლის ზაფხულში მთელი ქალაქის მასშტაბით 10 ათასზე მეტი ნაგვის ახალი კონტეინერი დადგა. დღეისათვის თბილისში 18,9 ათასზე მეტი მსგავსი კონტეინერია.