თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად „ახალი აბრეშუმის გზის" საკითხებში ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე დაინიშნა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
„ახალი აბრეშუმის გზის" პროექტის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ეფექტური და თანამიმდევრული შესრულების მიზნით, „ახალი აბრეშუმის გზის" საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე", — აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.
შესაბამისი ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის დადგენილებაში, რომლის თანახმად აღნიშნული თანამდებობრივი ვალდებულებები ეკისრებოდა მამუკა ბახტაძეს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის დროს.
დადგენილებას ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
თბილისში გუშინ „აბრეშუმის გზის" ორდღიანი ფორუმი დაიწყო. ღონისძიების მონაწილეთა შორის არიან მთავრობის მეთაურები, ვიცე-პრემიერები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, მასმედიის წარმომადგენლები, ასევე სტუმრები — სულ 2 ათასამდე დელეგატი.
პროექტის მონაწილე ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები თბილისში მსჯელობენ საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა რიგ მემორანდუმებს ჩინეთთან, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან. დოკუმენტების თანახმად, საქართველო შეასრულებს სატრანზიტო ქვეყნის როლს და წარადგენს თავის ეკონომიკურ ზონებს უცხოური წარმოებების განთავსებისთვის.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" ჩინეთის მთავრობის პროექტის „ერთი სარტყელი — ერთი გზა" ერთგვარი პასუხია. ფორუმი მიმართულია დიდი აბრეშუმის გზის აღორძინებაზე.