თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (ჯანმო) ორწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.
თბილისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. საქართველო აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარე წელს პირველად გახდა. თბილისში გამართულ სხდომაზე დასასწრებად ჯანმო-ს რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი ჩამოვიდა.
„საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში წამყვან პოზიციაზეა. დღეს ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის. კომიტეტის ძირითადი პრიორიტეტია, რომ ჯანდაცვის მომსახურებაზე ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას“, — განაცხადა ჯაკაბმა.
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს აძლევს. მან აღნიშნა, რომ სხდომაზე საუბარია ჯანმო-ს პოლიტიკაზე, რომელიც ერთი კვირის წინ დამტკიცდა. პოლიტიკა ემსახურება ჯანმო-ს წევრი ქვეყნების ინფორმირებას გლობალური ჯანდაცვის განვითარების შესახებ.
„ჯანდაცვის სისტემა რეფორმების გარეშე იძირება, ამ წლის განმავლობაში ჯანდაცვა კიდევ უფრო გაძლიერდება, კიდევ უფრო დაიხვეწება ამბულატორული მედიკამენტებით დახმარების პროგრამები და ჯანდაცვის სერვისების ხარისხის კონტროლის აქცენტი გაძლიერდება“, — განაცხადა სერეენკომ.
ჯანმო-ს ევროპული რეგიონული კომიტეტი ევროპის რეგიონში ჯანმო-ს ხელმძღვანელი ორგანოა. მასში შედის რეგიონის ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომლებიც ყოველწლიურად იკრიბებიან სესიაზე, სადაც რეგიონულ სტრატეგიებს აყალიბებენ; უზრუნველყოფენ ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიუროს ზედამხედველობას; ყოველ ხუთ წელიწადში ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს ნიშნავენ და ამ გადაწყვეტილებას ჯანმო-ს აღმასრულებელ კომიტეტში დასამტკიცებლად აგზავნიან.