თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ს გენერალ-მაიორი ჯოზეფ ჯერარდი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ამერიკელ გენერალ-მაიორს ჯილდო გადასცა საქართველოს მხარდაჭერისთვის, თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის განვითარების საქმეში გაწეული დახმარებისთვის.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული გვარდია აშშ-ის არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან 1993 წლიდან თანამშრომლობს.
შოთა ნოზაძე