თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ამერიკელი პოპ–მომღერალი რიანა და კორტნი კარდაშიანი ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას სათვალეებში დააფიქსირეს.
რიანასა და კორტნის ფოტოები დიზაინერის Facebook–გვერდზეა გამოქვეყნებული.
მზის სათვალეები – „ლისიჩკები“ ჰიტად იქცა არა მარტო თბილისში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ავტორიტეტულმა მოდურმა ჟურნალმა Vogue-მა ქართველი დიზაინერის სათვალე წლევანდელი შემოდგომის საუკეთესო ტრენდების ჩამონათვალში შეიტანა.
ადრე მსოფლიოში ცნობილმა მოდელმა კლაუდია შიფერმაც შეაფასა ქებურიას შემოქმედება მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, რომელშიც ქართველი დიზაინერიც იღებდა მონაწილეობას. მილანში ქებურიას კოლექციას გაეცნენ ჟურნალ Vogue-ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური და Vogue-ის დირექტორი ემანუელ ფარნეტი.
გიორგი ქებურია თვითნასწავლი დიზაინერია. ის 1990 წელს დაიბადა თბილისში. 2010 წელს თავისი პირველი მხიარული, სიურრეალისტური კოლექცია შექმნა და თბილისის მოდის კვირეულზე შეამჩნიეს, სადაც „საუკეთესო დამწყები დიზაინერის“ ჯილდო მიიღო. სულ ახლახან ქებურიას მიერ შექმნილ ტანსაცმელში პოპ–დივა ლედი გაგა გამოჩნდა.