თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. „საბავშვო ევროვიზია 2017“-ის გამარჯვებულმა, რუსეთის წარმომადგენელმა პოლინა ბოგუსევიჩმა საკუთარ სიმღერაზე ისაუბრა.
პოლინა ბოგუსევიჩმა კონკურსი 188 ქულით მოიგო. მეორე ადგილი 185 ქულით საქართველომ დაიკავა, ხოლო მესამე — ავსტრალიამ (172). ხუთეულში ასევე შევიდნენ ნიდერლანდები და ბელარუსი. უძლიერესთა ათეულში მოხვდა სომხეთი, უკრაინა, პოლონეთი, მალტა და სერბეთი.
იკითხეთ ასევე: „საბავშვო ევროვიზია 2017“-ის გამარჯვებული რუსეთი გახდა >>>
„ფრთები — ნიშნავს თავისუფლებას, შენი ბუნების თავისუფლებას. შენ უნდა მოუსმინო ახლობლების აზრს, მაგრამ თუ თვლი, რომ შენი არჩევანი უკეთესი იქნება შენი მეგობრებისა და ახლობლებისათვის, მოიქეცი ისე, როგორც შენ გინდა. ნუ იქნები ჩაკეტილი, ნუ გეშინია გარე სამყაროსი. აკეთე ის, რაც სწორად მიგაჩნია“, — განაცხადა პოლინამ პრესკონფერენციაზე კონკურსის შემდეგ.
ბოგუსევიჩი გამოტყდა, რომ ცოტათი მოწყენილია იმის გამო, რომ „ევროვიზია 2018“ ვერ წაიღო რუსეთში, რადგან მომდევნო კონკურსს მინსკი მასპინძლობს.
მისი თქმით, ის ჯერჯერობით არ აპირებს ახალი ალბომის ჩაწერას, მაგრამ დარწმუნებულია, რომ კარიერას გააგრძელებს და მაყურებელს ახალ სიმღერებს შესთავაზებს.
„მინდა ვუთხრა მადლობა საქართველოს, მადლობა ჩემ გუნდს, ყველას, ვინც მხარს მიჭერდა. მადლობელი ვარ იგორ კრუტოის აკადემიის. სწორედ მან მომცა შანსი, მიმეღო მონაწილეობა „ევროვიზიაში“, — აღნიშნა ბოგუსევიჩმა.
მოსკოველი პოლინა ბოგუსევიჩი 13 წლისაა, სწავლობს იგორ კრუტოის მუსიკალურ აკადემიაში, ადრე მონაწილეობდა საბავშვო პროექტში „ხმა. ბავშვები". კონკურსზე პოლინა 13 ნომრად წარდგა და შეასრულა სიმღერა „ფრთები".