თბილისი, 25 ноя — Sputnik. მსოფლიო 2019 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ მატჩში საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა გასვლაზე გერმანიას ანგარიშით 70:79 დაუთმო.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე მოწინავე მოთამაშე გამოაკლდა, პირველი სამი მეოთხედი ილიას ზუროსის გუნდი გერმანელ კალათბურთელებს არაფერში ჩამოუვარდებოდა.
ქალაქ ჰემნიშჩი გამართული თამაში აბსოლუტურად თანაბარი იყო. პირველი მონაკვეთი დასრულდა ანგარიშით 18:18, მეორე მეოთხედში ქართველებმა მინიმალურ უპირატესობას მიაღწიეს (23:22) და დიდ შესვენებამდე ანგარიში 41:40 სტუმრების სასარგებლოდ იყო.
აღსანიშნავია, რომ, შეხვედრის პირველ ნახევარში ქართველმა კალათბურთელებმა 12 სამქულიანი ჩააგდეს, რაც საქართველოს ნაკრებისთვის რეკორდია. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ მაიკლ დიქსონი და მიხეილ ბერიშვილი, რომლებმაც ხუთ-ხუთი სამქულიანი ჩააგდეს.
შესვენების შემდეგ თანაბარი თამაში გაგრძელდა და მესამე მეოთხედი ფრედ დასრულდა — 20:20.
რა დაემართა საქართველოს ნაკრებს დასკვნით მონაკვეთზე, რთული სათქმელია. სავარაუდოდ, გუნდს უბრალოდ ფიზიკური ძალა და რესურსი არ ეყო იმისათვის, რომ მატჩი საბოლოო მოგებამდე მიეყვანა.
გერმანიის ნაკრებმა ძლიერი ნახტომი განახორციელა და მეოთხედი ანგარიშით 19:9, ხოლო მატჩი 79:70 მოიგო.
საქარველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მაიკლ დიქსონი გახდა, რომელმაც 23 ქულა დააგროვა.
მსოფლიო-2019-ის მომდევნო შესარჩევ თამაშს საქართველოს ნაკრები ბელგრადში სერბეთის გუნდის წინააღმდეგ 27 ნოემბერს გამართავს. სერბეთმა G ჯგუფის პირველ მატჩში ავსტრიას ანგარიშით 85:64 მოუგო.
2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მონაწილეობს რვა ჯგუფად დაყოფილი 32 ევროპული გუნდი. მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გადასასვლელად, ჯგუფში საუკეთესო სამეულში მოხვედრაა საჭირო.
2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში ჩინეთში 31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია აშშ-ის ნაკრები.