თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბათუმში ჩავიდა და სასტუმრო „ლეოგრანდთან“ მოსახლეობას შეხვდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
პატრიარქმა სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მან გულისტკივილი გამოთქვა მომხდარის გამო და შესთხოვა უფალს, განსაცდელისგან დაიცვას საქართველო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს ბათუმში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გუშინ, საღამოს რვა საათისთვის გაჩნდა. ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 11 ადამიანი, მათ შორის საქართველოს 10, ხოლო ირანის – ერთი მოქალაქე.
ხუთვარსკვლავიანი „ლეოგრანდე“ ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა ბათუმში. ის 2015 წელს ზღვის სანაპიროზე პორტის მახლობლად აშენდა და მისი მშენებლობა 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.
ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ აჭარის ტურიზმის სააგენტომ ეს სასტუმრო იმის გამო დააჯარიმა, რომ შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ არსებობდა. სასტუმროს გარკვეული კრიტერიუმების შეუსაბამობის გამო, 2017 წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უწყების სარეკომენდაციო ნიშანი არ მიუღია.