თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. კასპის რაიონში, სოფელ ოკამთან ორი სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გორის, კასპისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანა.
როგორც კასპის სამედიცინო ცენტრის სარეგისტრაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, საავადმყოფოში 15 პაციენტი შეიყვანეს, აქედან 14 ბავშვია და ერთი – მშობელი. მისივე ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, ხოლო მშობლის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც ის თბილისში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.