თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის გამო ქვეყანაში ყველაზე პრესტიჟული სილამაზის კონკურს „მის საქართველო 2017“-ის ჩატარება ერთი კვირით გადაიდო, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ კომპანია Image Centre-ის მენეჯერმა მაცაცო გულუამ.
ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ პარასკევს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის ეპიცენტრი, სავარაუდოდ, სპა–სალონში იყო. ხანძარი დაახლოებით ოთხი საათი გაგრძელდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა 11 ადამიანი. ერთ-ერთი დაღუპული ირანის მოქალაქეა, დანარჩენები კი საქართველოს მოქალაქეები არიან. დაშავდა 21 ადამიანი, მათ შორის, „მის საქართველოს“ მონაწილეებიც იყვნენ.
„კონკურსი ერთი კვირით გადაიდო“, — განაცხადა გულუამ.
ამ დროისათვის ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას ოთხი დაშავებული აგრძელებს. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოინახულეს.
„მის საქართველო 2017“-ის ფინალი 26 ნოემბერს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში უნდა გამართულიყო.
წელს საქართველოს ულამაზესი ქალის წოდებისთვის 20 კონკურსანტი იბრძვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება 17-დან 25 წლამდე ასაკის გასათხოვარ გოგონებს შეეძლოთ.
„მის საქართველო 2017“-ის გამარჯვებული და ტოპ-ხუთეულის წევრები სილამაზის სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე გაემგზავრებიან.